მაკა ბოჭორიშვილი – „დღეს რაიმე ფორმით საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ქვეყნის ისტორიულ შანსზე იერიშის მიტანა ქვეყნის მტრობაა და მეტი არაფერი”
„დღეს საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირისკენ. ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, რომელიც კარგად ფუნქციონირებს, გვაქვს კარგი ადმინისტრაციული შესაძლებლობები, რაც საჭიროა ევროკავშირთან შემდგომი ურთიერთობების გაღრმავებისთვის. საჯარო სამსახურში გვყავს პროფესიონალები, რომლებმაც შეძლეს, საკუთარი ძალებით გამკლავებოდნენ საკმაოდ რთულ ამოცანას და საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ ეს ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვას”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ საჯარო მოხელეს, რომლებმაც 1 თვის განმავლობაში, თავდაუზოგავი შრომით, უპრეცედენტოდ მოკლე დროში შესაძლებელი გახადა ევროკავშირის მხარეს დღეს სრულად მიეღოთ ევროკომისიის კითხვაზე პასუხები. მისი თქმით, ევროკავშირის წევრობამდე გზა არ არის მარტივი, რასაც ბოლო ათწლეულების გამოცდილება აჩვენებს და კანდიდატი ქვეყნების მაგალითიც მოწმობს.
„სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ევროკავშირში გაწევრიანება კიდევ უფრო რთული ამოცანაა საქართველოსთვის. ამ სირთულეების დასაძლევად ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად ყოველდღიურად ვმუშაობთ.
ამას ემსახურება ყოველი ჩვენი ვიზიტი ევროპის დედაქალაქებში იქ, სადაც მომდევნო თვეების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ისტორიული გადაწყვეტილების შესახებ ყალიბდება პოზიციები, იქ, სადაც მიიღებენ ჩვენთვის ისტორიულ გადაწყვეტილებას, გახდეს თუ არა საქართველო კანდიდატი ქვეყანა და ამით მიეცეს თუ არა ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა ქვეყანას. ვისურვებდი, ამ ისტორიულ მომენტში ჩვენს ოპონენტებს მეტი გონიერება გამოეჩინათ და „ქართული ოცნების” ოპოზიციაში ყოფნა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლად არ ექციათ”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლების მიმართ ოპოზიციის ბრალდებებით ჩრდილი ადგება საქართველოს და ასეთი ნარატივების ატაცებამდე, უმჯობესია გავიხსენოთ, ვინ უთხრა უარი ამომრჩეველს წელიწად-ნახევრის წინ, ვინ არ ისურვა საპარლამენტო საქმიანობა, ვის დასჭირდა თითქმის ერთწლიანი მედიატორობა, რომ დღეს მათი სკამები პარლამენტის დარბაზში ცარიელი არ ყოფილიყო.
„დღეს ჩვენს საზოგადოებას ესმის გაუგონარი ბრალდებები, რაც მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება- ქვეყანას შეელახოს რეპუტაცია და ამით მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი, რაც შეაფერხებს საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ. თქვენ ცდილობთ თქვენი ლიდერის ციხესთან შეუთავსებლობის ჰუმანიტარულ კატასტროფად წარმოჩენას, რაც გჭირდებათ იმისათვის, რომ ქვეყანას საერთაშორისო პარტნიორებთან პოლიტიკური პრობლემები შეუქმნათ.
ძალიან სამწუხაროა ამის ყურება, მაგრამ არც ხალხს აკლია გონება, რომ სწორი შეფასებები გააკეთოს და არც ჩვენს პარტნიორებს, რომ ასე მარტივად წამოაგოთ ისტერიულ კამპანიებზე. საბოლოო ჯამში ყველა ბრალდებას სჭირდება მტკიცება, რაც ძალიან გიჭირთ და მხოლოდ ხმამაღალი განცხადებებით ვერ აქცევთ ტყუილებს ჭეშმარიტებად.”,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, დღეს საქართველო ურთულეს გზას გადის, ქვეყნის ისტორიაში ის თავი იწერება, რომლისთვისაც ცხოვრობს და იბრძვის ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება უკვე ათწლეულებია. ამ გზაზე ყველას შეუძლია თავისი პოზიტიური წვლილის შეტანა, თუკი რა თქმა უნდა ამას მოისურვებს. „დღეს რაიმე ფორმით საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ქვეყნის ისტორიულ შანსზე იერიშის მიტანა ქვეყნის მტრობაა და მეტი არაფერი”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.