დავით სონღულაშვილი: უნდა გვახსოვდეს, თუ რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ” საქართველოში ბიზნესგარემოს გაჯანსაღების და, განსაკუთრებით, მისი განთავისუფლების კუთხით
„როცა ვსაუბრობთ საქართველოში დღეს არსებულ ბიზნესგარემოზე, უნდა გვახსოვდეს ის, თუ რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბიზნესგარემოს გაჯანსაღების და, განსაკუთრებით, მისი გათავისუფლების კუთხით. არავისთვის არაა საიდუმლო, დღეს კომპანიებს არ ეშინიათ იმის, რომ სხვადასხვა მიზეზით მათ სახელმწიფო „დააკისრებს” გარკვეულ გადასახადს, ან აიძულებს, რომ დააფინანსოს სხვადასხვა სახელმწიფო და ადგილობრივი პროექტი”, – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისივე თქმით, მართალია, სხვადასხვა ობიექტური ფაქტორის გამო, დღეს ეკონომიკის განვითარება საჭირო ტემპებით ვერ მიმდინარეობს, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან თავისუფალი ბიზნესგარემოს შექმნა განაპირობებს კომპანიების გააქტიურებას ინვესტირების კუთხით, ახალი ინოვაციური ბიზნესპროექტების განვითარების კუთხით, რაც აუცილებლად მოხდება მსოფლიოსა და რეგიონში სიტუაციის დასტაბილურების და უკრაინის ომის დასრულების შემდეგ.
„ამ ბოლო დროს პოპულარული გახდა ისიც, რომ სხვადასხვა ხელისუფლების დროს ეკონომიკების შედარებები კეთდება. ვფიქრობ, მსგავსი ნარატივი მცდარია, რადგან ეს დამოკიდებულია იმ კონკრეტული პერიოდის გარემო ფაქტორებზე, მსოფლიო ეკონომიკურ ვითარებაზე, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობაზე, პანდემიების გავლენის მასშტაბზე და ა.შ. სწორედ, ჩვენი კომიტეტის ჭრილში რომ ავიღოთ, უკვე კარგად ჩანს რა მასშტაბებზეა საუბარი, თუნდაც, მშპ-ის კუთხით, თუნდაც სატრანსპორტო მიმართულებით, თუნდაც ინფრასტრუქტურული მიმართულებით, ინვესტიციების, ენერგეტიკის და ა.შ სხვადასხვა სექტორული მიმართულებით”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა და რამდენიმე მაგალითი დაასახელა.
კერძოდ: ბიუჯეტის შემოსულობები 2012: 8,6 მილიარდი ლარი, ახლა 15 მილიარდ ლარზე მეტია;
ეკონომიკა (მშპ) 2012 წელს 26 მილიარდი, ჩვენი ხელისუფლების დროს ორჯერაა გაზრდილი;
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები: მმართველობის 7 წლიან პერიოდებში „ქართული ოცნების” პირობებში შემოვიდა 2,525 მილიარდი აშშ დოლარით მეტი უცხოური ინვესტიცია;
გარდა ამისა, „ქართული ოცნების” შვიდ წლიანი მმართველობის დროს მოზიდული ინვესტიციები 1,580 მილიარდით აღემატება 2004-2012 წლების 9 წლიანი მმართველობის პერიოდს;
ტურიზმი: 2012 წელი 4.7მილიონი ვიზიტორი და მიღებული შემოსავალი 1,41 მილიარდი დოლარი, ჩვენი ხელისუფლების დროს ეს ციფრები მინიმუმ ორჯერაა გაზრდილი;
გზები: 2007-2012 წლებში განხორციელდა 68 კმ/ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა, 2013-2020 წლებში კი განხორციელდა 190 კმ/ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა;
2006-2012 წლებში ავტობანზე ყოველწლიურად შენდებოდა საშუალოდ 10 კმ, ხოლო ჩვენი გუნდის ძალისხმევით, სამუშაოების ტემპი 2.5-ჯერ გაიზარდა და 2013-2019 წლებში საშუალოდ ყოველწლიურად შენდებოდა 25 კილომეტრი გზა;
გაზიფიკაცია: 2004-12: 172,7 ათასი ახალი აბონენტი, ხოლო 2013-20 : 320 ათასი ახალი აბონენტი;
ახალი ჰესები: 2003 – 2012 წლის ოქტომბრამდე ექსპლუატაციაში შევიდა: 1 ჰესი „ხადორი ჰესი” – 24 მგვტ დადგმული სიმძლავრე, ხოლო 2012-2020: ექსპლუატაციაში შევიდა 37 ჰიდროელექტროსადგური ჯამური დადგმული სიმძლავრე 650 მეგავატი (ინვესტიცია 1,319 მილიარდი დოლარი); •
ქარის ენერგია2004-2012: 0, 2012-2020 20,7 მგვტ. (2016წ, 34 მილიონი);
ფართოზოლოვანი ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 2012 წელს 457 700 აბონენტი, 2019 წელს 941 000 აბონენტი (ზრდა 94,7%); კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დასახელებული მაგალითები იმის თვალსაჩინოებას წარმოადგენს, რომ ადრე თუ ისეთ დარგებში კეთდებოდა ინვესტიციები, რომელსაც სწრაფი ამონაგები ჰქონდა, ახლა ქვეყანა მდგრად შედეგებზეა ორიენტირებული.
„ჩვენი მიზანია, ყველას დავანახოთ, რომ ვფიქრობთ სწორედ გრძელვადიან შედეგებზე და, რა თქმა უნდა, ამაში სახელმწიფოს როლი არის უმნიშვნელოვანესი მისი ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამებისა და იმ ხელის შემწყობი ფაქტორებით, რომელიც ბიზნესის ზრდასა და მოსახლეობის თანამონაწილეობას უზრუნველყოფს დოვლათის შექმნაში. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა ეკონომიკისთვის კი არ უნდა გაიზარდოს, არამედ თითოეული მოსახლის კეთილდღეობაზე უნდა ისახებოდეს.
ჩემი თხოვნა იქნება, რომ ოპოზიციამ თავი დაანებოს უსაგნო დავას, ემოციები გადავდოთ გვერდით და ვაკეთოთ საქმე, ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ”, – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.