ლევან დავითაშვილმა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელთან ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობები განიხილა

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვიცეპრემიერი  – ლევან დავითაშვილი აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, ქეთრინ თაის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა. აღინიშნა, რომ აშშ-სთვის, რომელიც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, სავაჭრო პოლიტიკის დღის წესრიგი ორიენტირებულია მეტი პროდუქციის ექსპორტზე, მეტი სამუშაო ადგილის შექმნასა და ეკონომიკის ზრდის შესაძლებლობების გაფართოებაზე.
ქართული მხარის წინადადებით, ამ მოცემულობაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ამბიციური მიზანია ორმხრივი სავაჭრო რეჟიმის გაუმჯობესება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით.

ქართული მხარის შეფასებით, აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნება პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების ნაზავი. შეთანხმება ასევე იქნება რეგიონში აშშ-ს ეკონომიკური ინტერესების გაზრდის ნათელი გზავნილი, ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებებსა და ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის ვაჭრობის დივერსიფიკაციის საჭიროებებს. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით PWC – ის მიერ მომზადდა და გადაეცა განსახილველად აშშ – ის მხარეს.

კვლევის თანახმად, მსგავსი შეთანხმება ორივე ქვეყნისთვის იქნებოდა ეკონომიკურად მიმზიდველი და მომგებიანი.
კერძოდ, შეთანხმების გაფორმის შემდეგ, საქართველოდან ექსპორტი, ყოველწლიურად, მომავალი 5 წლის განმავლობაში 19%-ით გაიზრდება. დამატებით ნავარაუდევია, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მოიტანს 180 მილიონზე მეტ ინვესტიციას ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქნება ზრდა ტურიზმის მიმართულებით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო აშშ – ისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია რეგიონში, ამდენად, აშშ დაინტერესებულია, რომ გაგრძელდეს ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული ეკონომიკური სისტემის განვითარებას. ითქვა, რომ შეერთებული შტატები კვლავაც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების მიმდინარეობის მიმართულებით, რომლის ფარგლებშიც სავაჭრო კავშირების გამყარება ერთ-ერთი პრიორიტეტია. შეგახსენებთ, რომ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დელეგაციასთან ერთად რამდენიმედღიანი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. ლევან დავითაშვილმა შეხვედრები უკვე გამართა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელთან ქეთრინ თაისთან, აშშ – ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორთან სკოტ ნათანთან და აშშ-ის ექსპორტ-იმპორტ ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯუდიტ ფრაიორთან. დაგეგმილია ვიცე-პრემიერის შეხვედრები აშშ – ის კონგრესში, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და აშშ-ის სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები