მამუკა მდინარაძე: მიხეილ სააკაშვილმა უბრალოდ ექიმებს უნდა დაუჯეროს და ე.წ. პრობლემა, რეალურიც რომ იყოს, ძალიან მარტივად გადაწყდება

რა ინფორმაციაც მაქვს და შეიძლება რაღაც დეტალებს არ ვიცნობდე, ამ ინფორმაციიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ სააკაშვილმა უბრალოდ ექიმებს უნდა დაუჯეროს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მმართველი გუნდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი ექიმებს არ დაუჯერებს, ე.წ. პრობლემა, რეალურიც რომ იყოს, ძალიან მარტივად გადაწყდება.

„ერთი მხრივ, „ომისა და ღალატის“ პარტია გვთავაზობს დღის წესრიგად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მისი გადაჭრის უამრავ გზას იგონებს – საზღვარგარეთ მკურნალობა, დროებით სადღაც გადაყვანა-გადმოყვანა და ა.შ. გასაგებია, რომ არის შანტაჟი ამ პარტიის ლიდერის მხრიდან, რომ თუ არ იქნება ნომერ პირველი აქტუალური საკითხი, მაშინ დაფინანსება შეუწყდება და ა.შ.

დღეს უფრო გამძაფრებულია პიარ კამპანია მისი [სააკაშვილის] აქტუალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, რადგან მისი გათავისუფლება დაკავშირებულია პირდაპირ ომთან. ყველა პიარ კამპანია ემსახურება გზას, რომელიც მიდის საქართველოს ჩათრევისკენ ომში. თუკი დღეს მიდის გაძლიერებული შეტევა ხელისუფლებაზე კონკრეტული საკითხების აქტუალიზაციის მიზნით, საბოლოოდ ეს ომში ჩათრევის მცდელობასთან მიდის. თუ რომელიმე მისი თანაპარტიელი მართლა ფიქრობს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, უბრალოდ უნდა ურჩიოს, რომ დაუჯეროს ექიმებს და მიიღოს ის, რისი მიღებაც შეუძლია და რაღაც ფეიკ კამპანიებით არ დადგას რაღაც შოუები. გუშინ ჩვენ ვნახეთ კიდევ ერთი შოუ და ქართველი ხალხის და განსაკუთრებით მათი ამომრჩევლის შეურაცხყოფა, რომ თურმე საკანში უყურებდა სააკაშვილი როგორ გადაჰყავდათ ის საავადმყოფოში. წარმოუდგენელი შეურაცხყოფა და ცინიზმია საკუთარი ამომრჩევლის მიმართ. მგონია, რომ ეს ხალხიც ნელნელა ხვდება როგორ ატყუებს მათ ეს პარტია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები