მარტოხელა მშობლის სტატუსის მატარებელ პირთა წრე ფართოვდება
კანონპროექტის მიხედვით, ფართოვდება იმ პირობათა ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც მარტოხელა დედისა და მარტოხელა მამის სტატუსი განისაზღვრება.
მარტოხელა მშობლის სტატუსთან დაკავშირებით “სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელიც, თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება.
კანონპროექტის თანახმად, მარტოხელა დედა ან მარტოხელა მამა არის პირი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ; ასევე, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ; ასევე, თუ არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად; ასევე, თუ არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.
ცვლილებები შეეხება მარტოხელა დედისა და მარტოხელა მამის შეღავათებსაც. კერძოდ, დღეს მოქმედი კანონით, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მარტოხელა დედის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3 000 ლარამდე. ცვლილებებით, ეს საგადასახადო შეღავათი მარტოხელა დედის გარდა, მარტოხელა მამაზეც გავრცელდება.
კანონპროექტი, რომელიც ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება, “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს.