გიორგი ცუცქირიძე: უკრაინაში რუსეთის ღია ინტერვენციამდეც იყო მზარდი დაძაბულობა რუსეთსა და ევროკავშირს, რუსეთს და თურქეთს შორის, სირიის კრიზისის და ყირიმის ოკუპაციის გამო
“დიდი თამაშები” და საქართველო (ნაწილი მეოთხე)
ტრანს-აზიური დერეფნის იდეა, სარკინიგზო გადაზიდვების სახით, რომელიც აზიის კონტინეტს ევროპასთან აკავშირებს, ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას, გასული საუკუნის 50-იან წლებში გაჩნდა.
რუსეთ-უკრაინის ომამდე, ჩინეთიდან ევროპისაკენ გამავალი სარკინიგზო მარშრუტი, რაც მოიცავდა ჩუნცინი-დოსტიკი-მოსკოვი-ბრესტი-ლოძი-დუისბურგის მარშრუტს, დომინირებდა, რაც როგორც წინა მიმოხილვაში აღვნიშნე, ბერლინი-მოსკოვის აბრივატურითაც იყო ცნობილი. ეს 11 180 კილომეტრის კორიდორი ჩინეთს, ყაზახეთს, რუსეთს, ბელარუსს, პოლონეთს და გერმანიას აკავშირებს”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ რუსეთის ჯერ კიდევ ყირიმში შეჭრამდე, 2011 წლიდან მოყოლებული 2014 წელს ტვირთბრუნვა ამ მიმართულებით თითქმის 3 ჯერ იყო გაზრდილი.
“ნიშანდობლივია, რომ რუსეთის ჯერ კიდევ ყირიმში შეჭრამდე, 2011 წლიდან მოყოლებული 2014 წელს ტვირთბრუნვა ამ მიმართულებით თითქმის 3 ჯერ იყო გაზრდილი. თუმცა, ერთი შეხედვით ამ მარშრუტის 1.5 ჯერ სიძვირისა, საზღვაო მარშრუტთან შედარებით, მომგებიანი იყო ტვირთის გადატანის, 30-40-დღიანი ვადის გამო. ამ გზით, ჩინეთიდან ევროპაში ძირითადად, კომპიუტერები და ელექტრონაწილები გადაიზიდებოდა.
თუმცა, უკრაინაში რუსეთის ღია ინტერვენციამდეც იყო მზარდი დაძაბულობა რუსეთსა და ევროკავშირს, რუსეთს და თურქეთს შორის, სირიის კრიზისის და ყირიმის ოკუპაციის გამო, რაც ევროკავშირს და განსაკუთრებით ჩინეთს და თურქეთს აიძულებდა, მხოლოდ რუსეთზე გამავალ სარკინიგზო მარშრუტზე არ ყოფილიყო დამოკიდებული და ალტერნატიულ მარშრუტებზე ეფიქრათ. ჩინეთის დღევანდელი პოზიციაც ამ სტრატეგიით არის დიდწილად გამოწვეული!
დღეს ტრანსციმბირული დერეფნის, ფაქტობრივად, ჩაკეტვის გამო, ტრანს-აზიურ რკინიგზაში, კავკასიური (ტრანს-კასპიური) შუა დერეფნის შერწყმით, პეკინის გარდა, სისხლხორცეულად დაინტერესებულია როგორც ყაზახეთი და აზერბაიჯანი, ასევე საქართველო და თურქეთი.
ამიტომაც იყო, რომ ჯერ კიდევ სირიის კონფლიქტის გამო, რუსეთთან გამწვავებული კონფლიქტის შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ უკვე 2017 წელს განაცხადა, რომ დააჩქარებდა, როგორც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის თურქული მონაკვეთის, ისე ბოსფორის სრუტეზე, მარმარის სარკინიგზო გვირაბის მეგა პროექტის ბოლო ფაზის დასრულებას.
მართალია, რეგიონში შექმნილი რთული გეო პოლიტიკური ვითარების გამო, ამ ორი პროექტის საბოლოო დასრულება გაჭიანურდა დროში, თუმცა, უკვე უახლოეს მომავალში იგი შეკრავს, აზია-ევროპის დამაკავშირებელ „აბრეშუმის რკინის გზის“ ამ ახალ მარშრუტს, (ლიანიუნგანი, ჩინეთი-დოსტიკი, ყაზახეთი-აქტაუ, ყაზახეთი-ბაქო, აზერბაიჯანი-თბილისი, საქართველო-ახალქალაქი, საქართველო-ყარსი, თურქეთი-დერინჯე, თურქეთი-ევროპა) რომელიც, ბუნებრივია, ჩუნცინი-დოსტიკი-მოსკოვი-ბრესტი-ლოძი-დუისბურგის მარშრუტის მთავარი კონკურენტი და ალტერნატივა ხდება.
საქართველოზე გამავალი ისტორიული აბრეშუმის გზის ამოქმედებით, მაქსიმუმ ორ კვირაში, შესაძლებელია, რომ ტვირთი უკვე შევიდეს ევროპაში, მათ შორის, მდინარე დუნაის გავლით, ჩინეთიდან პირდაპირ გერმანიაში, რეგენსბურგის პორტში იყოს ჩატანილი.
გარდა ამისა, მომავალში უკრაინაში ბერდიანსკის, მარიუპოლის, სკადოვსკისა და ხერსონის საზღვაო პორტების გახსნის შემდეგ, როდესაც ეს ტერიტორიები რუსული ჯარებისგან გათავისუფლდება, ასევე აზოვის ზღვაში უკრაინის ძირითადი პორტებით სამხრეთ აღმოსავლეთით, ოდესის, პივდენის, მიკოლაევის, ჩერნომორსკის პორტებთან ერთად, რაც უკრაინის საექსპორტო მარცვლეულის დაახლოებით 80%-ს ემსახურებიან, ჩვენ გვეხსნება ახალი შესაძლებლობა ბერლინი-მოსკოვის ალტერნატიულ გეო პოლიტიკურ სქემაში ჩასაჯდომად, რაც უკვე შექმნილია ლონდონი-ვარშავა-კიევის ალიანსის სახით.
ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, რომლის მსგავსიც გასული საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ არ მოგვცემია და რომელიც საქართველომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. ნიშანდობლივია, რომ ტრანსციმბირული დერეფნის პირობებში, უკან ეშელონები ცარიელი ბრუნდებოდა, რაც ახლა ევროპელ იმპორტიორებს აძლევს კარგ შესაძლებლობას ამ გზით ჩინეთის ბაზარზე ევროპული სასოფლო სამეურნეო პროდუქციის (მაგალითად. ახალი ხილი და ბოსტნეული) შესატანად.
ყველა პირობა იქმნება სამხრეთ კავკასიის ერთიანი ბაზრის ფორმირებისათვის, რომლის ფინანსური და ლოჯისტიკური ცენტრი თბილისი გახდება. მარტო, შუა დერეფნის ამოქმედებით, სხვადასხვა გათვლებით ეს არის, სულ მცირე, დამატებით მინიმუმ 2 პროცენტიანი ზრდა მთელ ჩვენ მთლიან შიგა პროდუქტში. გარდა ამისა თუ დავუმატებთ, ახალ რეალობაში საქართველოში უკვე რეგიონალური საფონდო ბირჟის ამოქმედების კარგ პერსპექტივას, გაზრდილი ლოჯისტიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რაც მოქმედი პორტების მოდერნიზაციასთან ერთად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პერსპეტივასაც ახალი შესაძლებლობებით წარმოაჩენს, ეს პროგნოზი, ფაქტობრივად, ორმაგდება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზით რაც 2022-2027 წლებში მშპ-ის საშუალო წლიურ 5.5 %-იან ზრდას ითვალისწინებს, სულ მინიმუმ 9.5 %-იან საშუალო წლიურ ზრდაზე გაგვიყვანს და რაც უკვე 2027 წლისათვის ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებს მინიმუმ გააორმაგებს!
ომითაც თუ ვინმეს რუსეთის თანამედროვე ფორმაციის იმპერიასთან უომია, გამოუცხადებელი ომის პირობებში, ბოლო 30 წლის მანძილზე ერთადერთი თან ყოველგვარი საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე, საქართველო იყო, ამიტომ არავისგან არც დასამუნათებელი და არც ბოდიშის მოსახდელი არა გვჭირს! თუ ვინმე ჩვენს მხარეს ომომდა, ისიც მოხალისეები იყვნენ, და მათთვის მადლობის მეტი რა გვეთქმის. უკრაინის მხარესაც მებრძოლი ყველაზე მრავალრიცხოვანი ლეგიონიც ქართულია!
ქართული პოლიტიკური კლასის ისტორიული დილემაც ის იყო, რომ ხშირად სხვის დაკრულზე ცეკვა უყვარდა და დღესაც არ ამბობს უარს, ეს ძირითადად ოპოზიციაზე ითქმის, ვიწრო პარტიული და სახელმწიფო ინტერესები ერთმანეთში, რომ ერევა! ამიტომაც არის ყველანაირი კონტექსტიდან ამოგლეჯილი ახლა ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა, და უკრაინის ლიდერების ნაწილის ყოვლად მიუღებელი სენტენციათა ტირაჟირება, “დამფრთხალ და კოლაბორაციონისტ” ხელისუფლებაზე და მისი ინტერესების ქართველი ხალხის ინტერესებთან აცდენაზე, თითქოს ბოლო ათი წლის მანძილზე ქართულ ოცნებას ერთმანეთის მიყოლებით არ მოეგოს ყველა დონის საპარლამენტო თუ ადგილობრივი არჩევნები!
ისტორიულადაც ყველა დიდ იმპერიასთან გვიომია, ქრისტიანულთანაც და არაქრისტიანულთანაც, გმირებიც გვყოლია და ლაჩრებიც, დატირებაც ვიცით და მტრის დაფასებაც, ჩვენზე დიდი ჰუმანიზმიც არც ერთი ერის ეპოსში არ მოიძიება, ეს ასე რომ არ იყოს, ვერც აქამომდე მოვაღწევდით და ისტორიულ სახელმძღვანელოებში თუ დავრჩებოდით… მარტო ვეფხისა და მოყმის ბალადაც საკმარისია! ამ პოსტსაც ამ გენიალური ბალადით დავასრულებ:
“მაგის მეტს აღარ გიტირებ,
შენ არ ხარ სატირალია.
მშვიდობით, ჯვარი გეწეროს,
ეგეც სამარის კარია,
ერთი შვილ მაინც გაგზარდე,
ვეფხვებთან მეომარია”.