ჯო ბაიდენი უკრაინისთვის „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონს ხელს 9 მაისს მოაწერს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონს ხელს 9 მაისს მოაწერს.
ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ორშაბათს პრეზიდენტი ხელს მოაწერს ლენდ-ლიზის კანონს, რათა 2022 წელს უკრაინაში დემოკრატია დაიცვას“, – აღნიშნა ფსაკიმ.
ამასთან, მან დაადასტურა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი 8 მაისს უკრაინელ კოლეგასთან „დიდი შვიდეულის“ ლიდერების შეხვედრას დაესწრება.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად „ლენდ-ლიზის“ კანონპროექტი 28 აპრილს დაამტკიცა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ვაშინგტონს შესაძლებლობა ექნება, რომ უკრაინას სამხედრო აღჭურვილობა და სხვა სახის მარაგი სწრაფი და ეფექტური გზით გაუგზავნოს. გარდა ამისა, შემცირდება ბიუროკრატიული ბარიერებიც.