პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში აცხადებენ, რომ ელიზაბედ ბადაშვილი არასდროს ყოფილა, არც კომიტეტის და არც პარლამენტის აპარატის თანამშრომელი

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი სოციალურ ქსელში გავრცელებული მოქალაქე ელიზაბედ ბადაშვილის გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ელიზაბედ ბადაშვილი კომიტეტის და საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომელი არასდროს ყოფილა.

„სოციალურ ქსელში გავრცელდა მოქალაქე ელიზაბედ ბადაშვილის გამოთქმული მოსაზრებები, რომელმაც საზოგადოების გულწრფელი და აბსოლუტურად სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. ბადაშვილს პირად გვერდზე მითითებული აქვს, რომ მუშაობს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ელიზაბედ ბადაშვილი არ არის და არასდროს ყოფილა, არც კომიტეტის და არც საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომელი.

ბადაშვილი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობს, როგორც ზოგადი განათლების ექსპერტი. საბჭო 1 წლის წინ, სხვადასხვა შეხედულებების მქონე განათლების სფეროს ათეულობით ექსპერტისგან დაკომპლექტდა.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი გმობს და კატეგორიულად ემიჯნება რა ელიზაბედ ბადაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, უახლოეს სხდომაზე განიხილავს საბჭოში მისი ყოფნის მიზანშეწონილობის საკითხს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები