შალვა ოგბაიძე – „საერთაშორისო გამჭვირვალობაზე: ეს ორგანიზაცია საზოგადოებრივი აზრის დამახინჯებას ეწევა

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის თავმჯდომარე, შალვა ოგბაიძე საკრებულოს სხდომაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ საკრებულოს დეპუტატების ქონებრივ დეკლარაციებში დარღვევების შესახებ გამოქვეყნებულ მასალას გამოეხმაურა. ამ მასალაში შალვა ოგბაიძის სახელიც ფიგურირებს. როგორც საკრებულოს წევრმა განაცხადა, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევა არ შეესაბამება სიმართლეს. მან ეს ორგანიზაცია კორუფციასა და საზოგადოებრივი აზრის დამახინჯების მცდელობაში დაადანაშაულა.

„დღეს მინდა, მოვიყვანო განმარტება, რა არის კორუფცია. კორუფცია სიტყვასიტყვით ნიშნავს გაფუჭებას, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში გამოიყენება სხვადასხვა უკანონო ქმედების აღსანიშნავად. რა კავშირშია საერთაშორისო გამჭვირვალობა და კორუფცია? მე პირდაპირ ტოლობის ნიშანს ვსვამ იმიტომ, რომ ეს ორგანიზაცია არის კორუმპირებული, რომელიც აფუჭებს საზოგადოებრივ აზრს თავისი ეფემერული რეიტინგის ასაწევად“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ. შალვა ოგბაიძემ განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს მას უკანონოდ ჩამოართვეს ბიზნესი და დააკავეს.

„თვითონ “საერთაშორისო გამჭვირვალობა” აღნიშნავს თავის დასკვნაში და ამას კანონიც ადასტურებს, რომ თუკი ფიზიკურ პირს ან სუბიექტს 6 წელს მეტი ხნის განმავლობაში არ მიუღია მონაწილეობა მის მიერ დაფუძნებული საწარმოს თუ კომპანიის ბიზნესსაქმიანობაში და ეს არ არის მითითებული ამ პირის დეკლარაციაში, კანონის დარღვევა არ არის. ამის მიუხედავად, ორგანიზაცია მაინც მიუთითებს, რომ შალვა ოგბაიძეს თურმე რაღაც ბიზნეს წილები აქვს. ამასთან, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა ჩემი კოლეგებზეც ისეთივე „სიმართლეს“ ავრცელებს, როგორც ჩემზე,“- განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს სხდომაზე წარმოადგინა განჩინება, რომელიც 2009 წელს მის მიერ დაფუძნებული საწარმოს – საავტომობილო ფედერაციის აუქციონზე გაყიდვას ადასტურებს. ასევე წარმოადგინა დადგენილება, რომლითაც შალვა ოგბაიძე დაზარალებულად არის ცნობილი.
„წინა ხელისუფლების დროს არა მარტო ბიზნესი ჩამომართვეს, არამედ გამიყიდეს სახლი და ქონება. წინა ხელისუფლების დროს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის პოსტის დატოვებაზე უარი ვუთხარი მერაბიშვილს, სპორტის მაშინდელ მინისტრს და თემურ ალასანიას შვილს, რომელსაც უნდოდა ფედერაციის პრეზიდენტობა. ამის შემდეგ მოვხვდი შავ სიაში და დამიჭირეს, ხოლო ქონება, კერძოდ რუსთავის ავტოდრომი სახელმწიფოსთვის ჩააბარებინეს ჩემს მოადგილეს. ეს ქონება შემდეგ კაპიკებად მიჰყიდეს პუტინის პირად წარმომადგენელს საქართველოში,“- დასძინა ოგბაიძემ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა 2009 წლის 6 მაისიც გაიხსენა, როდესაც პოლიციის სამმართველოსთან მას თავს დაესხნენ. ერთი კვირის შემდეგ კი, 13 მაისს მის მიერ დაფუძნებულ საავტომობილო ფედერაციაში დაიწყო ფინანსური პოლიციის შემოსევა.
„აი ეს არის სიმართლე. მივმართავ საერთაშორისო გამჭვირვალობას და მედიის წარმომადგენლებს, რომ თავს არ ჩავღუნავთ, როდესაც ხელაღებით ტალახს გვესვრიან. მე პირდაპირ ვამბობ, კორუმპირებული არის საერთაშორისო გამჭვირვალობა, რომელიც საზოგადოებრივი აზრის დამახინჯებას ეწევა,“- განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები