კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ბუნებრივია, როდესაც “სპეცოპერაციის დაწყების” შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ადამიანთა შეზღუდული წრისთვის არის ცნობილი.
ამის შესახებ მან Bellingcat-ის გამომძიებელი ჟურნალისტის, ხრისტო გროზევის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას თქვა, რომლის მიხედვით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა ვლადიმერ პუტინის ახლო წრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, მათ შორის, სერგეი ლავროვისთვის, რომელსაც, თურმე, ბოლო მომენტამდე ეგონა, რომ ომზე საუბრები მხოლოდ დაშინების ეფექტს მოიცავდა და რომ კრემლის ლიდერი, მაქსიმუმ დონეცკსა და ლუგანკსში შევიდოდა.
პესკოვი ამბობს, რომ „ბუნებრივია, სპეციალური სამხედრო ოპერაციის შესახებ ინფორმაცია არ შეიძლება, ფართოდ გავრცელდეს ამ ოპერაციის დაწყების წინა დღეს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ასეთ საიდუმლო ინფორმაციას ადამიანთა ძალიან, ძალიან შეზღუდულ წრეს აცნობენ. ეს აბსოლუტურად ნორმალური პრაქტიკაა“.