სოზარ სუბარი – გიორგი ვაშაძის განცხადებაზე: რიგგარეშე არჩევნების მხარდაჭერა წარმოუდგენელია, რადგან მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ როგორც საპარლამენტო, ისე თვითმმართველობის არჩევნები სამართლიანად ჩატარდა

გია გაჩეჩილაძეს აქვს უფლება, დასვას კითხვები. ჩვენ იგივე კითხვებს ვერ გავიმეორებთ, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ერთ რამეში ეთანხმება გაჩეჩილაძეს, როდესაც ქართული ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი გამოდის, აბსოლუტურად გაუგებარ განცხადებებს აკეთებს და ამბობს ისეთ რამეს, რაც არ არის და არ შეიძლება იყოს შეერთებული შტატების მთავრობის პოზიცია.

ამასთან, სუბარმა აღნიშნა, რომ როდესაც შეერთებული შტატების თანამდებობის პირების სახელით განცხადებებს აკეთებს გიორგი ვაშაძე თუ სხვა პოლიტიკოსი, სიამოვნებით მოვისმენთ განცხადებებს, რომლებიც დაადასტურებს ამ მოწოდებების სიყალბეს.

„როდესაც გამოდის გიორგი ვაშაძე და ვაშინგტონიდან აკეთებს განცხადებებს, თითქოს ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებში მომწიფებულია აზრი, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, რიგგარეშე არჩევნების მხარდაჭერა არის წარმოუდგენელი, იმიტომ, რომ მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ საქართველოში როგორც საპარლამენტო, ისე თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა აბსოლუტურად სამართლიანად და კანონიერად. არანაირი მოწოდება არ ყოფილა და ვერც იქნება შეერთებული შტატების თუ რომელიმე ქვეყნის მხრიდან რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს საქართველოში და როდესაც შეერთებული შტატების თანამდებობის პირების თუ პოლიტიკოსების სახელით მსგავს განცხადებებს აკეთებს გიორგი ვაშაძე, თუ რომელიმე სხვა პოლიტიკოსი, ჩვენც დიდი სიამოვნებით მოვისმენთ იმ განცხადებებს, რომლებიც დაადასტურებს ამ სიტყვების და მოწოდებების სიყალბეს, იმიტომ, რომ არ არსებობს ასეთი მოწოდებები, შეუძლებელია რომ არსებობდეს იმიტომ, რომ არჩევნები იყო კანონიერი, სამართლიანი და ეს აღიარა მთელმა მსოფლიომ, შემდეგი არჩევნები იქნება 2024 წელს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები