ერეკლე კოდუამ ე.წ ლონდონის სპეცოპერაციის დეტალები გაასაჯაროვა

 სოდის ყოფილი ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა ტელეკომპანია “რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ბადრი პატარკაციშვილმა მასთან შეხვედრა თავად მოინდომა.
კოდუამ ინტერვიუში ე.წ ლონდონის სპეცოპერაციის დეტალები პირველად გაასაჯაროვა. კოდუა აცხადებს, რომ მასსა და პატარკაციშვილს შორის საუბარი 2 საათზე მეტხანს გრძელდებოდა და ამ საუბრის სრული ჩანაწერი პროკურატურაში დევს. სოდ-ის ყოფილი უფროსის განმარტებით, პროკურატურამ აუცილებლად უნდა გამოაქვეყნოს ამ საუბრის სრული ვერსია, თუკი ძალოვან უწყებას სურს, რომ ყველა შეკითხვას პასუხი გაეცეს.
კოდუა ინტერვიუში იხსენებს სპეცოპერაციის ტექნიკურ დეტალებსაც, მაგალითად იმას, თუ როგორ შეძლო მოსასმენი პარატურის იმ ოთახში შეტანა, სადაც შესვლამდე არაერთი შემოწმება გაიარა.
“თბილისიდან წავედით ორი ადამიანი – მე და დავით ჟვანია, ჩემი ახლო მეგობარი და ძალიან გამოცდილი თანამშრომელი. ის სპეციალურად იმიტომ იყო შერჩეული, რომ მეგრული ენა იცოდა და ჩვენ მეგრულად ვსაუბრობდით, რომ ვინმეს არ გაეშიფრა, რას ვაპირებდით. სასტუმრო, სადაც მივედით, მხოლოდ პატარკაციშვილმა იცოდა. შეიძლება, იქ რაღაც აპარატურა ყოფილიყო დამონტაჟებული და მე ვიყავი მზად, რომ შეიძლება, ვინმეს რამე გადაემოწმებინა. ფეხსაცმის ქუსლში მქონდა აპარატურა დამონტაჟებული, ფეხსაცმელს ჰქონდა რკინის ელემენტები, იმიტომ რომ ვიცოდი, ვიღაც აუცილებლად შეგვაწმებდა და ეს აპარატი რკინაზე რეაგირებს. შემდეგ ჩამოვედით ქვემოთ, სადაც უნდა შევხვედროდით პიროვნებას, პატარკაციშვილის წარმომადგენელს, რომლის სახელი ვიცოდით, ვიცოდით მანქანის მოდელი, ეს იყო შავი ფერის “მერსედესი”, ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ, ეს პიროვნება მოვიდა და წავედით. დაახლოებით ნახევარი საათი ვიარეთ, წრეებს ურტყამდა, შემდეგ შევედით ტყეში, ქალაქგარეთ, სადაც სახლი იყო და დიდი გოლფის მოედნები. სწორედ აქ არის ის ვიდეომასალა გადაღებული, სადაც ჩვენ გვამოწმებენ დაახლოებით 5 წუთი. აქ იყო კიდევ ერთი მომენტი, მე მაშინ ქურთუკი მეცვა, რომელზეც შიგნიდან რამდენიმე რკინის “ბულავკა” მქონდა დამაგრებული. ყველა “ბულავკა” იპოვეს. ბოლოს შემოწმებით შეწუხდნენ და ფეხსაცმელზე რომ ჩავიდნენ, იქაც რკინა იყო, ის კი თქვეს, რომ სხვა რამე ჩამეცვა, ან ფეხსაცმელი გამეხადა და ისე შევსულიყავი. მაგრამ ვთქვი, რომ მაშინ არ შევიდოდი, მით უმეტეს, რომ ბადრი პატარკაციშვილს თავად ჰქონდა ჩემთან შეხვედრის სურვილი და ჩემი ინიციატივით არ ჩავსულვარ. საინტერესო იყო, რომ იატაკი ხმას გამოსცემდა, რაც სუფთად ჩაწერას ხელს უშლიდა. შევედი, დავჯექი და ფეხი-ფეხზე გადავიდე, რომ ასე ვთქვათ, არ შეემჩნიათ. დაახლოებით 5 წუთში ბადრი პატარკაციშვილი დაცვის ორ თანამშრომელთან ერთად შემოვიდა. გავეცანით ერთმანეთს და პირდაპირ დაიწყო საუბარი, გაიგეთ ახალი ამბავიო? – მე მითხრა, ჩემს მოკვლას აპირებენო. შემდეგ იღებს ლეპტოპს და უკვე მასმენინებს, ვიღაც ჩეჩენის და ვიღაცის ლაპარაკს. შემდეგ გაგრძელდა ჩვენი საუბარი, მერე მომიყვა, როგორი აღშფოთებულია ამ ჩანაწერით, რომ მიშა სააკაშვილის დავალებაა მისი მოკვლა. მე ჩვეულებრივად ვუსმენდი, მხოლოდ ჩვენ ვიყავით, დაცვის ორი თანამშრომელი მოშორებით იდგა. მათ ჩვენი საუბარი არ ესმოდათ”, – განაცხადა კოდუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები