“პუტინი მთელი ეს პერიოდი ითხოვს ჩემს მოკვლას ან დაპატიმრებას და მთლად კარგად არ აქვს საქმე“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, რომელზეც მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ აშშ-დან გამოეხმაურა. როგორც ექსპრეზიდენტმა განაცხადა, მისი დაკავების ბრძანებით ქვეყნის ისტორიაში სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერება.
“რუსეთს და მასთან დაახლოებულ პირებს, როგორც ჩანს, ყველაფრის კეთება უყვართ ივლის-აგვისტოში, როცა დასავლელი პოლიტიკოსები შვებულებას იღებენ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია, დღეს დილიდან უკვე დამირეკა რამდენიმე სენატორმა ამ საკითხზე, ასევე ორი ევროპული ქვეყნის ლიდერმა. ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს მიღწევებზე საუბრის ნაცვლად, რაც ტრადიციულად ამ ხალხთან ჩემი საუბრის თემა იყო, მიხდება ერთი რუსი ოლიგარქის აკვიატებებსა და ბოღმებზე, ასევე იმაზე საუბარი, რომ მისი ინტერესი მთლიანად დაემთხვა ამ შემთხვევაში პუტინის ინტერესებს. ივანიშვილი არის “გაზპრომის” ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერი და აგვისტოს ომის წლისთავის წინ მისგან უფრო სასურველ საჩუქარს პუტინი ვერ წარმოიდგენდა, ვიდრე ის არის, რომ საქართველოს სახელმწიფო ორგანოებმა გასცენ ჩემი დაპატიმრების ბრძანება. მე პირველად დამაპატიმრა საბჭოთა კავშირის კგბ-მ უნივერსიტეტის პირველ კურსზე პოლიტიკური საქმიანობისთვის და მალე საბჭოთა კავშირი დაიშალა.
შემდეგ იანუკოვიჩმა გამომაცხადა “პერსონა ნონ-გრატად” და ორ თვეში თავად იქცა საერთაშორისო ძებნილად. პუტინი მთელი ეს პერიოდი ითხოვს ჩემს მოკვლას ან დაპატიმრებას და მთლად კარგად არ აქვს საქმე. იმ ხალხსაც მოევლება, ვინც დღეს ბრძანება გასცა”, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები