სოზარ სუბარი: გიგი უგულავას კრიმინალური განცხადებების გაკეთება დასჩემდა – ყველა დამნაშავე პასუხს აგებს და ნურავის დაშინებას ეცდებიან
დიდი ხანია, გიგი უგულავას დასჩემდა კრიმინალური განცხადებების გაკეთება. სჯობს, თავის სიტყვებს დაუკვირდეს, რადგან თავის განცხადებებში მართლა დანაშაულის ზღვარზე დადის, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი გიგი უგულავას განცხადებას.
მისივე თქმით, პენიტენციური სამსახური მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად ყველაფერს აკეთებს და მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება.
“ყველას კარგად აქვს გააზრებული, რომ სააკაშვილი არის დამნაშავე, უნდა მოიხადოს სასჯელი. იმასაც კარგად ხედავენ, რომ პენიტენციური სამსახური მისი ჯანმრთელობის დასაცავად ყველაფერს აკეთებენ და მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება. არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება არ იქნება.
დიდი ხანია, გიგი უგულავას დასჩემდა კრიმინალური განცხადებების გაკეთება. სჯობს, თავის სიტყვებს დაუკვირდეს, რადგან თავის განცხადებებში მართლა დანაშაულის ზღვარზე დადის. რაც შეეხება შურისძიებას, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს და ნურავის დაშინებას ეცდებიან”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ცნობისთვის, უგულავამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა: “პირდაპირ ვამბობ, მე არ მიყვარს მიკიბვ-მოკიბვა, სააკაშვილს ციხიდან გამოიტანენ მკვდარს და ყველა, ვინც არის პასუხისმგებელი, სულ რომ ბოლო წუთი იყოს, მე თვითონ ჩავერთვები შურისძიებაში”.