მამუკა ახვლედიანმა საგამოძიებო უწყება დატოვა
თბილისის ყოფილ ვიცე-მერს მამუკა ახვლედიანს “ოცნება 2007“- თან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 5 საათზე მეტხანს კითხავდნენ. უწყებიდან გამოსულმა მამუკა ახვლედიანმა, განაცხადა, რომ საუბარი ეხებოდა სოციალურ პროექტს, რომელიც 2012 წელს თბილისის მთავრობის მიერ განხორციელდა. ახვლედიანის თქმით, ის ამ პერიოდში მერიაში აღარ მუშაობდა.
“2012წელს თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით სოციალური პროექტი განხორციელდა და ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები, თემა პირადად მე არ მეხება, ვინაიდან ამ პერიოდში თბილისის მერიაში არ ვმუშაობდი“-აღნიშნა ახვლედიანმა. მამუკა ახვლედიანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ხვალ დილით კვლავ უნდა გამოცხადდეს, ამჯერად მას მოწმის სტატუსით “სითი პარკთან“ დაკავშირებით დაკითხვენ. აღსანიშნავია, რომ მამუკა ახვლედიანი დღეს ერევანში გამგზავრებას აპირებდა და მას გამომძიებელი იმ დროს დაუკავშირდა, როდესაც აეროპორტში იმყოფებოდა.