პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები საქართველო-ფინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფს შეხვდნენ

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი, ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მარიამ ლაშხი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – „გირჩის” წევრი ჰერმან საბო საქართველო-ფინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ფინეთ – საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით შექმნილ გამოწვევებზე, ასევე სექტორულ მიმართულებებზე – განათლებასა და თავდაცვის საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ფინეთის მხრიდან ნატოში გასაწევრიანებლად გადადგმულ ნაბიჯებზე.

„განვიხილეთ საქართველოს მთავრობის პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში.
ფინეთის სვლა ნატოსკენ ისტორიული მნიშვნელობის ცვლილებაა. სტუმრებმა გაგვაცნეს მათი მთავრობის ნატოსადმი დამოკიდებულების ცვლილების მიზეზი და პროცესი. ასევე, ვისაუბრეთ ჩვენს მისწრაფებაზე ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე, ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ამ მიმართულებით და ყურადღება გავამახვილეთ ევროკავშირის კითხვარის პასუხებზე. ფინელებმა გამოხატეს მხარდაჭერა ჩვენს მიმართ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით”,- განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

მარიამ ლაშხის შეფასებით, ფინელი კოლეგების ვიზიტი ძალიან დროულია მას შემდეგ, რაც საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე.

„ფინეთი მუდმივად უჭერს მხარს, როგორც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ჩვენს ევროპულ მისწრაფებას. კითხვარის პირველი ნაწილი გადაგზავნილია, სექტორული კითხვარიც უკვე თითქმის დასრულებულია. ფინეთი მიესალმება ჩვენს ჩართულობას და აქტიურ მუშაობას ამ მიმართულებით”,- განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, მატიას მარტინენიმ მედიასთან საუბრისას, ქართველ კოლეგებთან მჭიდრო ურთიერთობებზე განაცხადა და განსაკუთრებით მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, მარიამ ლაშხთან ბოლო პერიოდში თანამშრომლობას გაუსვა ხაზი. „საქართველოს და ფინეთის ურთიერთობები არის ბრწყინვალე და აქტიური ბოლო წლების განმავლობაში. სამომავლოდაც მიგვაჩნია, რომ ჩვენი, როგორც პარლამენტარების მოვალეობაა, წინ წავწიოთ და განვავითაროთ ეს ურთიერთობები”, – განაცხადა ფინეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა მატიას მარტინენიმ.

ფინელმა დეპუტატმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ არა პანდემია აღნიშნული ვიზიტი ბევრად ადრე განხორციელდებოდა. „ჩვენ უკვე შევხვდით პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს და დაგეგმილი გვაქვს ასევე რიგი შეხვედრები, რომელთა ძირითადი თემებია უსაფრთხოების პოლიტიკა, სიტუაცია უკრაინაში, რომელზეც მოხდა ძალადობრივი თავდასხმა რუსეთის მხრიდან. ფინეთი, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, უკრაინის მხარდასაჭერად ვემხრობით სანქციებს”, – განაცხადა მატიას მარტინენმა.

მისი თქმით, უსაფრთხოების თემის გარდა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ისეთი თემების განხილვა, როგორიცაა პოლიტიკური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო საკითხები.

„არანაკლებ მნიშვნელოვანია ასევე საგანმანათლებლო სფერო. ფინეთში გვაქვს კარგად განვითარებული განათლების სისტემა, ეს სფერო კარგადაა ინვესტირებული, ამიტომ ჩვენი შეხვედრების ფოკუსში იქნება კვლევები, მეცნიერება და განათლება”,- განაცხადა მატიას მარტინენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები