კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გადაღებული ფილმის – „მუშკეტერის თბილისის“ ჩვენება გაიმართა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მისი მხარდაჭერით 2021 წელს გადაღებული დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების ჩვენებას განაგრძობს.
ამრიგად რიგით მესამე გამარჯვებული ფილმის „მუშკეტერის თბილისის“ ჩვენება გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი დაესწრო.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „მუშკეტერის თბილისი“ გადაღებულია ალექსანდრე დიუმას ნაწარმოების „მოგზაურობა კავკასიაში“ მიხედვით და მასში ალექსანდრე დიუმას როლს მსახიობი ნიკოლოზ ქაცარიძე ასრულებს.
„სამწუხაროდ, მსახიობისათვის ფილმში შესრულებული როლი უკანასკნელი აღმოჩნდა, რის გამოც, ფილმი, გარდა მისი მხატვრული ღირებულებისა, ხელოვანს შემოქმედებითი ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელია. ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი გახლავთ გიორგი ჭუმბურიძე, გრაფიკოსი – რატი დაბრუნდაშვილი, კოსტიუმების მხატვარი – სოფო იოსებიძე, მხატვარი – ზალიკო სულაკაური, ხოლო მუსიკის ავტორები – ნინო ბერიანიძე და გიორგი კვალიაშვილი.
სამინისტროს კონკურსში გამარჯვებული ფილმების ჩვენება, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში 26 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით იმართება.
ინფორმაციისთვის, 2021 წელს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში „დოკუმენტური/სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობა“ გაიმარჯვა 5-მა პროექტმა: „რა საიდუმლოს ინახავს თბილისი“, რეჟისორი – ქუცნა ამირეჯიბი, სცენარის ავტორი – მიხეილ აბრამიშვილი; „არა ვინ და ლურჯი ცა“, რეჟისორი და სცენარის ავტორი – მაგდა გველესიანი (სადებიუტო ნამუშევარი); „მუშკეტერის თბილისი“, რეჟისორი და სცენარის ავტორი – გიორგი ჭუმბურიძე; „საქართველოს მეგალითები“, რეჟისორი და სცენარის ავტორი – ლევან ლომაშვილი; „ანსოს ჯვრის თავგადასავალი“, რეჟისორი და სცენარის ავტორი – თამარ მახარაძე.
აღსანიშნავია, რომ მოცემული კონკურსი პირველად 2021 წელს ჩატარდა და, მიღებული შედეგის მიხედვით, გადაწყდა, რომ იდენტური კონკურსი 2022 წლის კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კვლავ ყოფილიყო გათვალისწინებული. კონკურსი მიზნად ისახავდა დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობას და თავისუფალი ხელოვანების/კერძო სტუდიების წახალისებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.