სააკაშვილის და სხვა მაღალჩინოსნების ადვოკატები ბრალდებულების აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვენ

მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებულ პროცესზე გირაოს შუამდგომლობას არ დააყენებენ. ადვოკატები ბრალდებულების აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვენ. ამის შესახებ განცხადებები სასამართლო პროცესისი დაწყებამდე ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატებმა გააკეთეს.
“ჩვენი პოზიცია მარტივია – საქართველოს ყველა კეთილისმსურველი საერთაშორისო ორგანიზაცია 2012 წლის მიწურულიდან საქართველოში პოლიტიკური დევნის შესახებ აღშფოთებას გამოთქვამს. ჩვენ გვაქვს ყველა განცხადება, რომელიც ჩვენმა პარტნიორებმა გაავრცელეს ამ პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. ასევე გაგვაჩნია ბიძინა ივანიშვილის განცხადებები, რომელიც საუბრობს “ნაციონალური მოძრაობის” განადგურებაზე და რადარიდან გაქრობაზე, რომელსაც წარვუდგენთ სასამართლოს. ივანიშვილის დეკლარირებული მიზანია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” განადგურდეს და ამასთან დაკავშირებით მტკიცებულებას წარვადგენთ დღევანდელ პროცესზე. ამ საქმეზე არ არსებობს მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს პატიმრობა უნდა შეეფარდოთ. შესაბამისად, ჩვენ არანაირ ალტერნატივაზე შუამდგომლობას არ დავაყენებთ და მოვითხოვთ, რომ ისინი დარჩნენ აღკვეთის ღონისძიების გარეშე”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ.
კომენტარი დავით კეზერაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმაც გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ არ არსებობს გარემოება, რის საფუძველზეც მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უნდა შეეფარდოს.
მიხეილ სააკაშვილის, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე საქალაქო სასამართლოში პროცესი უახლოეს წუთებში დაიწყება. ყოფილი პრეზიდენტისთვის და მასთან ერთად ბრალდებულებისთვის პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 28 ივლისს მიეცა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოტანილ იქნა ასევე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. ამ ეტაპზე პროკურატურას 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და “ტელეიმედში” შეჭრის საქმეზე უგულავასა და მერაბიშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები