“გაფიცვა არ არის? მაშინ სტუდენტები სად არიან” – ბლოკ “სომხეთში” აცხადებენ, რომ ერევნის უნივერსიტეტში დღეს სტუდენტების მხოლოდ 15% გამოცხადდა
ყარაბაღთან დაკავშირებით სომხეთის მთავრობის მიმართ უკმაყოფილებას და საპროტესტო აქციას სტუდენტებიც შეუერთდნენ.
“დღეს დილიდან წინააღმდეგობის მოძრაობა ერევნის ქუჩებში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციებს მართავს, რომელშიც ასევე სტუდენტებიც მონაწილეობენ“, – ნათქვამია ბლოკ „სომხეთის“ განცხადებაში.
ოპოზიციურ ბლოკ “სომხეთში” განაცხადეს, რომ დღეს სომხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების მხოლოდ15% გამოცხადდა. მათი თქმით, “რიგი კურსი გაიფიცა”.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში კი განაცხადეს, რომ უმაღლესში “სასწავლო პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს”.
ქვეყნის იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის “სახელმწიფოს თეორიისა და ისტორიის” კათედრის გამგემ, გევორგ დანიელიანმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა: “საბჭოთა დროის სულისკვეთებით, მედია ამტკიცებს, რომ უნივერსიტეტში გაფიცვა არ არის და სად არიან სტუდენტები, მითხარით, რომ ვიცოდეთ…“.
ძალოვნებმა დილიდან აქციის 200-მდე მონაწილე დააკავეს, როგორც ჩანს, მათ შორის სტუდენტებიც შეიძლება, იყვნენ, რადგან ცოტა ხნის წინ სომხეთის უმაღლესი სასწავლებლების პროფესორებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც გმობენ სტუდენტების მიმართ ძალადობას და ხელისუფლებას ახსენებენ, რომ ახალგაზრდებს ნების თავისუფალი გამოვლინების უფლება აქვთ.