“ებრაელების მიმართ რასიზმის ყველაზე მდაბიო გამოვლინება“ – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვის განცხადებას პასუხობს
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, იაირ ლაპიდი რუსი კოლეგის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან იტალიური ტელეკომპანიის Mediaset-ის ეთერში გააკეთა.
კერძოდ, ლავროვმა თქვა, რომ “ის (ზელენსკი) აყენებს არგუმენტს: როგორი ნაციფიკაცია შეიძლება, ჰქონდეთ, თუ ის ებრაელია. შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა. ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. ბრძენი ებრაელი ხალხი ამბობს, რომ ყველაზე მგზნებარე ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიანო. როგორც ჩვენთან ამბობენ, ყველა ოჯახშია მახინჯი”
როგორც იაირ ლაპიდმა თქვა, „რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის განცხადებები არა მხოლოდ მიუტევებელი და აღმაშფოთებელია, ასევე, ეს არის საშინელი ისტორიული შეცდომა. ებრაელები კი არ იკლავდნენ თავს ჰოლოკოსტის დროს. თავად ებრაელების დადანაშაულება ანტისემიტიზმში – არის ებრაელების მიმართ რასიზმის ყველაზე მდაბიო გამოვლინება“, – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იდან როლმა ლავროვის სიტყვებს “ბოდვა” უწოდა, მათ არსს კი – „ახალი ანტისემიტური შეტევა“.
„ისრაელის სახელმწიფო და ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო მსგავს განცხადებებს არ დაუშვებს“, – თქვა მან.
ტელეარხ Kan-ის ინფორმაციით, თელ-ავივში რუსეთის ელჩი ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული.