ნორვეგიამ რუსეთის საგზაო და საზღვაო ტრანსპორტს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
ნორვეგიამ, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტის შესაბამისად, რუსეთის საგზაო და საზღვაო ტრანსპორტს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
ნორვეგიის ხელისუფლების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, 7 მაისიდან რუსული დროშის ქვეშ მცურავი ხომალდებისთვის, მათ შორის, კომერციული გემების, იახტებისა და გასართობი და რეკრეაციული ტრანსპორტისთვის პორტები დაიხურება. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიკენ უიტფილდმა დღეს, 29 აპრილს განაცხადა, რომ ვინაიდან სანქციები საუკეთესოდ მაშინ მუშაობს, როცა რამდენიმე ქვეყანა თანხმდება მათ დაწესებაზე, ნორვეგია უერთდება ევროკავშირის პაკეტს.
”სანქციები რუსეთის რეჟიმზე წნეხის ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა. გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ჩვენი, ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებთან ერთად დგომა, რათა გავაგრძელოთ რუსეთისთვის უკრაინაში ომის დაფინანსების შესაძლებლობების შესუსტება“, – განაცხადა უიტფილდმა.