ჩრდილოეთ კორეა ბირთვული ცდებისთვის “სრული ტემპით” ემზადება

ჩრდილოეთ კორეა, 2017 წლის შემდეგ პირველად, ბირთვული ცდებისთვის ემზადება.

ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

გამოცემა ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრზე დაყრდნობით წერს, რომ მიმდინარე სამზადისზე უახლესი სატელიტური სურათები მიუთითებს, რომლებიც ფუნგერში, ბირთვულ პოლიგონზეა გადაღებული.

კერძოდ, სურათებზე ჩანს, რომ პოლიგონზე ახალი შენობებია აგებული და მიმდინარეობს სამშენებლო მასალების გადაადგილება, ხოლო ობიექტთან ახლოს გარკვეული აღჭურვილობა უკვე განთავსებულია.

ცენტრის ექსპერტების თქმით, მზადება “სრული ტემპით მიმდინარეობს” – მისი ამჟამინდელი ტემპი ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ ცდები შესაძლოა, უკვე მაისიდან სექტემბრამდე ჩატარდეს.

ფხენიამა ბოლო ბირთვული ცდა 2017 წლის 3 სექტემბერს ჩაატარა.

მაშინ ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ექსპერტებმა ააფეთქეს კომპაქტური წყალბადის (თერმობირთვული) მუხტი, რომლის სიმძლავრე, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, 70-დან 100 კილოტონამდე მერყეობდა.

ვარაუდობენ, რომ ასეთი ბომბით შესაძლოა, აღჭურვილი იყოს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები