“აზერბაიჯანული მიწების ოკუპაცია მისაღები იყო როგორც სომხეთისთვის, ასევე, ეუთო-ს მინსკის ჯგუფისთვის” – ილჰამ ალიევი
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციებს არავითარი ღირებულება არ გააჩნია.
მისი თქმით, ყარაბაღთან დაკავშირებით გაერო-ს 4 რეზოლუცია აქვს მიღებული, თუმცა, არცერთი მათგანი არ ამოქმედებულა.
ამის შესახებ მან საერთაშორისო კონფერენციაზე – „სამხრეთ კავკასია: განვითარება და თანამშრომლობა“ განაცხადა.
„არასოდეს დაეყრდნოთ საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებებს, რეზოლუციებს, რადგან მათ არანაირი ღირებულება არ აქვთ. გაერო-ს უშიშროების საბჭომ 4 რეზოლუცია მიიღო, რომლის მიხედვითაც, სომეხ სამხედროებს დაუყოვნებლივ უნდა დაეტოვებინათ ჩვენი ტერიტორიები. თუმცა, 27 წლის განმავლობაში არცერთი დადგენილება არ შესრულებულა, ჩვენ თვითონ აღვასრულეთ ისინი“, – თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ალიევმა აღნიშნა, რომ ამ რეზოლუციების მიმღები სამი ქვეყანა, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, ასევე, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან.
„როდესაც ვკითხე მათ: „რატომ არ ასრულებთ თქვენ მიერვე მიღებულ დადგენილებებს?“, კითხვაზე პასუხი აშკარა იყო – მათთვის საოკუპაციო მდგომარეობა მისაღები იყო. ეს მისაღები იყო სომხეთისთვის, მისაღები იყო მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებისთვის, მაგრამ ჩვენთვის – არა. რეალურ სამყაროში უნდა გვეცხოვრა და მივხვდით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა არ იქნებოდა. ბუნებრივია, საჭირო იყო ძლიერი ჯარი, ძლიერი ეკონომიკა და ხალხის ახალი თაობა. ყარაბაღისთვის დაღუპულთა აბსოლუტურ უმრავლესობას აქამდე არასოდეს უნახავს ყარაბაღი საკუთარი თვალით. ისინი ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები იყვნენ, სამშობლოს მოყვარული პატრიოტები, უაღრესად მოტივირებული ადამიანები. ბუნებრივია, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო ძლიერი ჯარის არსებობა და ჩვენ მოვახერხეთ მისი შექმნა. ეს იყო ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის მთავარი პრიორიტეტი მრავალი წლის განმავლობაში“, – ხაზგასმით აღნიშნა ილჰამ ალიევმა.