აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები 16 აგვისტომდე გადაიდო

აზერბაიჯანის მიერ საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები 16 აგვისტომდე გადაიდო, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ინგა კიკვაძემ განაცხადა. აღნიშნულის შეზღუდვები დღეს ამოქმედდა. ინგა კიკვაძის განმარტებით, შეზღუდვები ეხება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ 2014 წლის იანვარში კანონში შესულ ცვლილებებს, რომელიც აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს ავტომანქანების მიმოსვლაზე. შეზღუდვა ეხება იმ ავტომანქანებს, რომლებიც არ აკმაყოფილებს “ევრო 4”-ის სტანდარტებს. კიკვაძის თქმით, იმ შემთხვევაში, როდესაც მანქანა ამ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, მის მეპატრონეს საზღვრის გადაკვეთამდე შეუძლია დეპოზიტზე დადოს თანხა და ისე გადაკვეთოს საზღვარი ან ჰქონდეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის გარანტია, რომ იქ მასთან მიდის სტუმრად და მალევე დატოვებს ქვეყანას. სხვა შემთხვევაში, 2014 წლის 16 აგვისტოს შემდეგ მანქანა, რომელიც ვერ აკმაყოფილებს “ევრო 4”-ის სტანდარტს, აზერბაიჯანის საზღვარს ვერ გადაკვეთს.
როგორც ინგა კიკვაძემ აღნიშნა, ეს კანონი აზერბაიჯანმა 2014 წლის იანვარში მიიღო და დღეს, 1 აგვისტოს ამოქმედდა, მაგრამ იმის გამო, რომ მოსახლეობა ყოფილიყო ინფორმირებული, აქტიური კონსულტაციების შედეგად ორი კვირით შეზღუდვები გადავადდა. ამასთან, როდის ამოქმედდებოდა ეს კანონი, ქართულმა მხარემ არ იცოდა. მისივე განცხადებით, ეს შეზღუდვა არანაირად არ უკავშირდება გუშინ, ბაქოში, საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს.
“კანონი არის შიდა სახელმწიფოებრივი დოკუმენტი, რომელიც ვრცელდება სახელმწიფოს შიგნით. კარგი იქნებოდა, რომ გვცოდნოდა და შეტყობინება გაკეთებულიყო, თუმცა საერთაშორისოდ აღიარებული ვალდებულება, შიდა კანონმდებლობის სხვა ქვეყნების მიმართ გაცნობისა, ვერ გეტყვით, რომ ასეთი რამ არსებობდეს”, – განაცხადა კიკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები