მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინა უმძიმეს ბრძოლაშია და დავადასტურებ იმ მხარდაჭერას, რაც უკრაინელი ხალხის და უკრაინის მიმართ გვაქვს
საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინელი ხალხისა და უკრაინის მიმართ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ იმ ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც არიან რუსეთის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ამასთან, მან “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართ უკრაინული მხარის მწვავე რიტორიკა “აბსოლუტურად გაუგებარია”.
„საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინელი ხალხისა და უკრაინის მიმართ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ იმ ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც არიან რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მწვავე კრიტიკა და განცხადებები საქართველოს მიმართ აბსოლუტურად გაუგებარია. საქართველო რატომ იმსახურებს ამას იმ პირობებში, როცა მისი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინას დაეხმაროს, მხარი დაუჭიროს და ეს მხარდაჭერა მტკიცე იყოს. რატომ იმსახურებს საქართველო ან საქართველოს ხელისუფლება მსგავს რიტორიკას, ზედმეტი კომენტარისგან ამ საკითხზე თავს შევიკავებ, რადგან უკრაინა უმძიმეს ბრძოლაშია და დავადასტურებ იმ მხარდაჭერას, რაც უკრაინელი ხალხის და უკრაინის მიმართ გვაქვს“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.