ანტონიო გუტერეში – მარიუპოლის მოსახლეობას აპოკალიფსიდან გაღწევის გზა სჭირდება
„მათ სჭირდებათ აპოკალიფსიდან გაღწევის გზა“, – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან კიევში ვიზიტისას აღნიშნა, „აზოვსტალიდან“ მოქალაქეების ევაკუაციასთან დაკავშირებით ინტენსიური დისკუსიები ჯერ კიდევ გრძელდება.
„ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს სჭირდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება. ბევრ ხანდაზმულს სჭირდება სამედიცინო დახმარება. მათ სჭირდებათ აპოკალიფსიდან გაღწევის გზა. როდესაც ვსაუბრობთ, მიმდინარეობს ინტენსიური დისკუსიები, რომ ეს რეალობად იქცეს. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია. მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან არ მინდა, ეს შესაძლებლობა გაქრეს“, – განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.