გიორგი მარგველაშვილი: გაეროს რეკომენდაცია იყო ადეკვატური და სწორი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ადამიანის უფლებების არსებული მდგომარეობის გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის შესახებ ანგარიშს მოკლე კომენტარით გამოეხმაურა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბუნებრივია, გაეროს რეკომენდაცია იყო ადეკვატური და სწორი.
გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ საქართველოსადმი მეოთხე პერიოდული ანგარიშისთვის მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანო, რომელიც გამოიძიებს ძალაუფლების გადამეტების, მათ შორის პოლიციელთა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი წამების, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებებს, უზრუნველყოფს აღნიშნული საქმეების გამოძიებას დაყოვნების გარეშე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცემს დამნაშავეებს და, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის შესაბამისად დასჯის მათ, ასევე უზრუნველყოფს დაზარალებულთა სათანადო დახმარებას. ანგარიშში ჩამოთვლილია რამდენიმე საქმე: “ა) თბილისის N 5 ციხის ბუნტის დროს, სამართალდამცავების და/ან ციხის ოფიცრების მიერ 2006 წლის მარტში, გადაჭარბებული ძალის გამოყენებაზე; ბ) პატიმრებთან არასათანადო მოპყრობაზე თბილისის გლდანის ციხეში, ქსნის მეთხუთმეტე საპყრობილეში, ქუთაისის მეორე, რუსთავის მეექვსე და ზუგდიდის მეოთხე ციხეებში; გ) 2007 წლის 7 ნოემბერს, 2009 წლის 15 ივნისს და 2011 წლის 3 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევაზე; ასევე, ინციდენტებზე მერეთში (2012 წლის 26 ივნისი), კარალეთში (2012 წლის 12 ივლისი), როდესაც ჟურნალისტები ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყვეს”, – აღნიშნულია ანგარიშში. კომიტეტი ასევე შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ წამებისა და არაჰუმანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ ბრალდებებს იძიებენ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების) მიხედვით და არა სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის პირველი პარაგრაფის (წამების), ამავე მუხლის მესამე პარაგრაფის (არაჰუმანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის) მიხედვით. “მმართველია პარტია ვალდებულია ჩამოაყალიბოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანო კანონდარღვევების, მათ შორის, პოლიციისა და სხვა სამართალდამცავების მიერ წამების, არაჰუმანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის გამოსაძიებლად, ბოლომდე მიიყვანოს ეს გამოძიებები ნებისმიერი გაუმართლებელი შეფერხების გარეშე, გაასამართლოს დამნაშავეები და დამნაშავეებად ცნობის შემთხვევაში, მათი ქმედებების სიმძიმის შესაბამისი სანქციები დაუწესოს მათ და მსხვერპლები ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები