მამუკა ახვლედიანი ერევნის ნაცვლად დაკითხვაზე აღმოჩნდა
ამ წუთებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მამუკა ახვლედიანის დაკითხვა მიმდინარეობს – ამის შესახებ „კვირას“ საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა გიორგი გრძელიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მამუკა ახვლედიანი დღეს გეგმიურ დაკითხვაზე უნდა გამოცხადებულიყო და გამომძიებელი მას ტელეფონით დაუკავშირდა.
აღსანიშნავია, რომ მამუკა ახვლედიანი დღეს ერევანში გამგზავრებას აპირებდა და მას გამომძიებელი იმ დროს დაუკავშირდა, როდესაც აეროპორტში იმყოფებოდა.
“როდესაც რვის ნახევარზე გიბარებენ და გეუბნებიან, დღესვე მობრუნდი საზღვრიდან და მოდი, ეს არის ყოველგვარი კანონის დარღვევა. მითხრეს, რომ საგამოძიებო-საპროცედურო საქმიანობის ჩასატარებლად არის აუცილებელი იქ მისვლა. რას ნიშნავს ეს ყველაფერი, თუ გამოვედი, მოგახსენებთ”, – განაცხადა ახვლედიანმა.
„დღეს დილით, 8 – ის ნახევარზე, როდესაც მამუკა ახვლედიანი საქმიანი ვიზიტით ერევანში მიემგზავრებოდა, შეჩერეს საზღვარზე. მან მიიღო სმს შეტყობინება, რომ ის დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იყო დაბარებული, ხოლო როდესაც შევეცადეთ გაგვერკვია, რა სტატუსით იყო დაბარებული, თავდაპირველად ითქვა, რომ ის მოწმის სატატუსით იყო დაბარებული. შემდგომში მას მოუვიდა სმს შეტყობინება, რომ ის დაბარებულია საგამოძიებო – საპროცესო ღონისძიების ჩატარების მიზნით. ეს არის ძალიან ფართო ცნება და აღნიშულ კატეგორიაში ყველაფერი მოიაზრება “,- განაცხადა ახვლედიანის ადვოკატმა გიორგი კონდაიშვილმა.