“ომბუდსმენს ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესებაზე საუბრის საფუძველს პენიტენციური სისტემა აძლევს“
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი თამარ კორძაია სახალხო დამცველის ანგარიშს “კვირასთან“ აფასებს. დეპუტატი მიიჩნევს,რომ ომბუდსმენმა ძალიან ბევრი ისეთი პრობლემა დასვა, რომელთა გამოსწორების აუცილებლობის წინაშე ხელისუფლება დგას. კორძაიას თქმით, მისთვის მისაღები და გასათვალისწინებელია ის კრიტიკა, რაც ანგარიშში აისახა. დეპუტატი განსაკუთრებით მოხუცებულთა, გენდერული თანასწორობისა და ოჯახური ძალადობის საკითხებს გამოყოფს და აცხადებს, რომ ამ მიმართულებებით არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.
“სახალხო დამცველის ანგარიში იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო, ანუ ეს ანგარიში იყო საკმაოდ კრიტიკული, მან ძალიან ბევრი ისეთი პრობლემა დასვა, რისი გამოსწორების აუცილებლობის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება. ამ პრობლემებს შორის მე განსაკურებულად გამოვყოფდი მოხუცებულთა, გენდერული თანასწორობისა და ოჯახური ძალადობის საკითხებს.უნდა გავიაზროთ, რომ თუ გვინდა ვიყოთ სახელმწიფო, მოხუცები, ქალები და ბავშვები არ უნდა იყვნენ იმ მდგომარეობაში, როგორშიც დღეს არიან. ეს აისახა ანგარიშშიც“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
რაც შეეხება ომბუდსმენის განცხადებას, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით სერიოზული გაუმჯობესება შეინიშნება,კორძაია ფიქრობს, რომ ამის თქმის საფუძველს სახალხო დამცველს პენიტენციურ სისტემაში არსებული ვითარება აძლევს.
„სახალხო დამცველის ანგრიშში პენიტენციურ სისტემაში არსებულ პრობლემებს, ძალიან დიდი ყურადღება აქვს დათმობილი. მეორეს მხრივ, ფაქტია, რომ ყოფილი ხელისუფლების რეჟიმისგან განსხვავებით, დღეს პატიმრებს გაცილებით ნორმალურ პირობებში უწევთ ყოფნა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ყველაფერი რიგზეა. სახალხო დამცველმა ასევე ისაუბრა შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარების უფლებებზე და იმ ხარვეზებზე, რაც ასეთი შეკრებებისას დაუშვა სახელმწიფომ. სახალხო დამცველი ჩვენ გვაკრიტიკებს იმის გამო, რომ რიგ შემთხვევებში პოლიციამ სათანადოდ ვერ უზრუნველყო აქციებისას დაპირისპირებული მხარების განცალკევება, მაშინ როდესაც, წინა ხელისუფლების პირობებში პოლიცია იყო დევნის ინსტრუმენტი. რა თქმა უნდა წინსვლაა, როდესაც ომბუდსმენს სამართალდამცველებთან ეს პრეტენზიები აქვს. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ყოფილი ხელისუფლების პირობებში პოლიცია ძალადობის იარაღი იყო“, – განუცხადა „კვირას“ თამარ კორძაიამ.