ბორის ჯონსონი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები არ იქნება ნატოს მეხუთე მუხლის იდენტური, თუმცა დასავლეთის ქვეყნებს შეუძლიათ, ქვეყანას იარაღით მხარდაჭერა შესთავაზონ

უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ნატოს მეხუთე მუხლის იდენტური არ იქნება, რომლის მიხედვითაც თავდასხმა ერთ ქვეყანაზე განიხილება, როგორც თავდასხმა ყველა წევრზე, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ინდოეთში ვიზიტისას განაცხადა.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, ჯონსონის თქმით, აუცილებელია, შემუშავდეს უკრაინის როლის ხანგრძლივი ხედვა მომავალი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში.

მისივე განცხადებით, დასავლეთის ქვეყნებს შეუძლიათ, შესთავაზონ უკრაინას მხარდაჭერა იარაღით, წვრთნებით და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებით.

„ვიმედოვნებ, რომ ეს საშუალებას მისცემს უკრაინელებს, სცადონ შეკავება აღკვეთით და დარწმუნდნენ, რომ მათი ტერიტორია იმდენად გამაგრებულია, რომ რუსეთის მხრიდან შემდგომი თავდასხმისგან შეუვალი იქნება“, – განაცხადა ჯონსონმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, დასავლელმა პარტნიორებმა უნდა უპასუხონ უკრაინის მოთხოვნებს, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რათა თავიდან იყოს არიდებული მომავალი შესაძლო თავდასხმები რუსეთისგან.

„ბოლო დრომდე ნატოს ქვეყნები ერიდებოდნენ უკრაინელებისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებას პრეზიდენტ პუტინის დაპირისპირების და ყოვლისმომცველი ევროპული ომის რისკის გამო, რომელიც ნატოს ძალებს რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში ჩააყენებდა, მაგრამ ყოველი მოხსენებული რუსული სისასტიკით, რომელიც გამოვლინდა, განსაკუთრებით ბუჩაში, დასავლეთის ასეთი თავშეკავებულობა გაქრა“, – აღნიშნა ჯონსონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები