პარლამენტის წევრები ჩუღურეთის რაიონში მდებარე საჯარო სკოლების პედაგოგებს და სამეთვალყურეო საბჭოს წევრ მშობლებს შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ვოლსკი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი და ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, რიმა ბერაძე ჩუღურეთის რაიონში არსებული სკოლების პედაგოგებსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრ მშობლებს შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, პედაგოგებს სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე მიაწოდა ინფორმაცია და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

„ყოველთვის მნიშვნელოვანია პირდაპირი წყაროდან ვღებულობდეთ ინფორმაციას იმ საკითხებზე და იმ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც სასკოლო განათლებასთან დაკავშირებით დღეს „ქართული ოცნება” იღებს. ეს უკუკავშირი, რომელიც ჩვენ ასეთი შეხვედრებიდან გვაქვს, საფუძვლად ედება ჩვენს შემდგომ გადაწყვეტილებებს. ჩვენ არც ერთ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ ისე, რომელიც განათლებას ეხება, რომ არ გვქონდეს უკუკავშირი მთავარი ბენეფიციარებიდან – ჩვენი მასწავლებლებიდან და სკოლის ადმინისტრაციიდან”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

შეხვედრაზე პედაგოგებმა და მშობლებმა არსებული გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ ისაუბრეს. მათ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს თავიანთი მოსაზრებები გააცნეს ზოგადი განათლების სისტემის კიდევ უფრო სრულყოფის მიზნით. შეხვედრა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძის ინიციატივით, 29-ე საჯარო სკოლაში შედგა. „პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი სისტემატურად, ტრადიციულად ახორციელებს გასვლით სხდომებს და შეხვედრებს განათლების მუშაკებთან, ეს იქნება სკოლები, უნივერსიტეტები თუ სხვა სასწავლო დაწესებულებები.

დღეს ვიმყოფებით ჩუღურეთის რაიონში და ეს ძალიან სასიხარულოა, რადგან მეორე ჯერ ხდება ასეთი გასვლითი სხდომის ჩატარება ჩვენი რაიონის სკოლებში. ჩუღურეთის რაიონში, ზოგადად, 14 საჯარო სკოლაა განთავსებული და დღეს აქ ყველა სკოლის დირექტორი, ყველა სკოლის წარმომადგენელი და, მათ შორის, სამეურვეო საბჭოს წევრები არიან მოწვეული. მოვისმინეთ და განვიხილეთ ის გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც ზოგადად სკოლის, მოსწავლეების და პედაგოგების წინაშე დგას”, – განაცხადა რიმა ბერაძემ. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ვოლსკის განცხადებით, საგანმანათლებლო სისტემაში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, მათ შორის, რეაბილიტაციის და მშენებლობების მიმართულებით.

„მნიშვნელოვანი პროექტებია საგანმანათლებლო სისტემაში, რეაბილიტაციის, მშენებლობების, წინასწარ ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ და გვქონდეს ჩვენი პოზიცია მათ შორის, ჩუღურეთთან დაკავშირებით”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი და ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით უთმელიძე, ჩუღურეთის რაიონის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ეკა კვირიკაშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები