ცუცქირიძე: რუსული პროპაგანდის ნარატივი, რომ სანქციები რუსულ ეკონომიკას დააზარალებს, თუმცა, ვერ ჩამოშლის, სულ უფრო ქარწყლდება
“რუსული პროპაგანდის ნარატივი, რომ სანქციები რუსულ ეკონომიკას დააზარალებს, თუმცა, ვერ ჩამოშლის, რადგან აშშ და ევროკავშირის გარდა მსოფლიოს დანარჩენი მსხვილი ეკონომიკები არ შეერთებია, სულ უფრო ქარწყლდება”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
“არსებული გეოპოლიტიკური სივრცის ტრანსფორმაცია, სადაც არც საფრანგეთი და და არც გერმანია არ ქმნის რაიმე განსაკუთრებულ მოცემულობას, სულ უფრო ცხადი ხდება. რუსეთ- ჩინეთის სავაჭრო ბრუნვის შემცირების ტრენდზე, ინდოეთის უარმა იყიდოს რუსული გაზი, რისი დიდი იმედიც კრემლს ჰქონდა, ეს თვალსაზრისი კიდევ უფრო გაამყარა.
ინდოეთი, განსაკუთრებით შარშანდელი წლის შემდეგ, შედის ახალ გეოპოლიტიკურ არქიტექტურაში, ე.წ Quad-ის – ოთხეულის ალიანსში – მასში შედიან აშშ, იაპონია, ავსტრალია და ინდოეთი. ეს ალიანსი უშუალოდ გადაკვეთილია კიდევ ერთ წმინდა ატლანტურ სამკუთხედთან იგივე AUKUS თან, რომელშიც აშშ-ს, ერთად შედიან ბრიტანეთი და ბრიტანეთის ოკეანია ავსტრალია. ამ ორ გეოპოლიტიკურ სივრცეს ემატება, ახალი ევროპული კონფიგურაციაც ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის ალიანსის სახით, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გახადა აქტუალური, და სადაც საქართველოც არის მოაზრებული, სამხრეთის ჩამკეტ კარიბჭედ. ამასთან, საერთაშორისო სანქციების შედეგად, ტრანსციმბირული მაგისტრალის, ფაქტობრივად, ჩაკეტვის გამო, საქართველოს, როგორც შუა დერეფნის დატვირთვა ისედაც ერთი ათად არის გაზრდილი.
ჩემი რწმენით და შეხედულებით, ჩვენ ძლიერი საგარეო ფარის გარეშე გადარჩენის შანსი არა გვაქვს, ისტორიამ აჩვენა, რომ ამ ფარს ვერც გერმანია შექმნის, და ვერც საფრანგეთი, ორივე უფრო გეოპოლიტიკური ჩიხია და ვერც თურქეთი, რუსეთზე საუბარიც უკვე ზედმეტია, თუმცა, ვფიქრობ, თავის დროზე ერეკლეს არჩევანი მაინც გამართლებული იყო!
დარჩა ჩინეთი, რომელიც არის ზემოთ ნახსენები ახალი კონფიგურაციის ალტერნატივა უფრო სწორედ ტრანსატლანტური ღერძები სწორედ ჩინეთის მოსალოდნელი ჰეგემონიის საპირწონედ არის შექმნილი.
ჩვენი არჩევანიც ტრანსატლანტიკური სივრცე რჩება. პრემიერ ჯონსონის წერილიც ამ მოცემულობას ხდის აქტუალურს და რაც დროზე გავაცნობიერებთ ამ ახალ მოცემულობას, მით უფრო მეტად ვიხეირებთ, ეკონომიკურადაც და გრძელვადიანი უსაფრთხოების თვალსაზრისითაც”, – წერს გიორგი ცუცქირიძე.