ნიკა კვარაცხელიას დედა – განაჩენზე: ეს იქნება ამ ახალგაზრდების გამოსწორების დასაწყისი

მოკლული ნიკა კვარაცხელიას დედის განცხადებით, განაჩენი, რომელიც სასამართლომ დღეს მიიღო იქნება მისი შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების გამოსწორების დასაწყისი. მისივე თქმით, აუცილებელია საქმის მეორე ნაწილი, რომელიც მკვლელობის დამკვეთებს ეხება, ასევე დროულად იყოს ბოლომდე მიყვანილი, რათა აღსრულდეს სამართლიანობა.

„ველოდი, ნამდვილად ველოდი. სხვაგვარად არც უნდა ყოფილიყო და მადლობას ვუხდი მოსამართლეს. ეს იქნება მათი გამოსწორების დასაწყისი. ჩვენ ამ ახალგაზრდებს გადავარჩენთ, გამოვასწორებთ. სადაც წავიდნენ, იქ აუცილებლად დაფიქრდებიან.
საქმის მეორე ნაწილი, რომელიც ცალკეა გამოყოფილი, მკვლელობის დამკვეთები ვინც არიან, ძალიან დროულად ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ჩვენს ქვეყანაში დადგეს სამართალი. იცოდნენ, რომ ასეთი უბედურების შემთხვევაში, ისინი უმკაცრესად დაისჯებიან“, – განაცხადა მოკლული ნიკა კვარაცხელიას დედამ, იზა ომაძემ.

შეგახსენებთ, მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს – აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

22 წლის ნიკა კვარაცხელია გასული წლის 15 სექტემბერს, ფიქრის გორაზე ჩაცხრილეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები