როსტევანის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, როსტევანის ქუჩის ნაწილზე, მირიან მეფისა და ჭაშნაგირის ქუჩის დამაკავშირებელ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საგზაო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.
„დიდ დიღომში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. გასულ წელს, მოწესრიგდა დავარის, ასმათის და ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ვეფხისტყაოსნის ქუჩების ნაწილი. წელსაც ვაგრძელებთ ამ პროექტს.
უკვე დასრულებულია ვეფხისტყაოსნის ქუჩა, ასმათის ქუჩის დარჩენილ ნაწილზე კი, სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, ამ პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება დავარის და ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩები. ამჟამად, დავიწყეთ როსტევანის ქუჩის მოწესრიგება, სადაც უნდა მოხდეს აღნიშნული ქუჩების სანიაღვრე სისტემის დაერთება“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, საფეხმავლო ბილიკი და ჯამში, 6 800 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. აღნიშნული პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 900 000 ლარი გამოიყო.