ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულებს 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნ.კ.-ს ჯგუფურად, განზრახ მკვლელობისთვის და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარებისთვის ბრალდებულები დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად ა.ჭ.-ს 17 წლით, ხოლო გ.კ.-ს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ა.ჭ.-მ და გ.კ.-მ განიზრახეს ნ.კ.-ს მოკვლა, რისთვისაც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და იქირავეს ავტომობილი. 2021 წლის 15 სექტემბერს, მსჯავრდებულები ვ.ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე პირად საქმეზე მისულ ნ.კ.-ს ჩაუსაფრდნენ. შემთხვევის ადგილზე ა.ჭ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ნ.კ.-ს. სროლის დასრულების შემდეგ, ა.ჭ. და გ.კ., ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით, შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

მიღებული დაზიანებების შედეგად ნ.კ. საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ა.ჭ. და გ.კ. 2021 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ.

აღნიშნულ დანაშაულთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების დადგენის მიზნით, ცალკე წარმოებად გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები