სავაჭრო პალატისა და ჩინეთის საგარეო ვაჭრობის ცენტრის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას 100-ზე მეტი ქართული და ჩინური კომპანია დაესწრო
სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, ჩინეთის საგარეო ვაჭრობის ცენტრის (CFTC) გენერალური დირექტორის მოადგილესთან, ვენ ჭონლიანთან და საქართველოში ჩინეთის კონსულთან, ჭაო ჩუანთან ონლაინ შეხვედრა გამართა,- ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრას 100-ზე მეტი ქართული და ჩინური კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივების განსაზღვრა, საქართველოს საექსპორტო პოტენციალის გაზრდა და ჩინეთის ბიზნეს წრეებთან არსებული ურთიერთობების განმტკიცება.
გარდა ამისა, ქართულმა კომპანიებმა მიიღეს ინფორმაცია ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენის, Canton Fair-ში მონაწილეობის შესახებ. ჩინეთის იმპორტისა და ექსპორტის გამოფენა (Canton Fair) არის უმსხვილესი საერთაშორისო ბაზრობა, რომელიც 1957 წელს დაფუძნდა და წელს 131-ედ იმართება.
მისი არსებობის მანძილზე, 1.5 ტრილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია იქნა რეალიზებული. ღონისძიება, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სავაჭრო პალატის წარმომადგენელმა, ბექარ მიქაბერიძემ დაასრულა, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩინეთში სავაჭრო პალატის წარმომადგენლობის როლს, რომელიც მზადაა მხარი დაუჭიროს ქართულ კომპანიებს ჩინურ ბაზარზე თავის დამკვიდრებასა და ჩინეთთან ორმხრივი ვაჭრობის საკითხებში. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის შეთანხმებას.