შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის წარმომადგენლებთან მექნება თხოვნა, რომ დროულად წარადგინონ უკრაინაში გასამგზავრებელი კანდიდატები
ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ მექნება თხოვნა, რომ დროულად მოგვაწოდონ საკუთარი კანდიდატები უკრაინაში გასამგზავრებელი პოლიტიკური დელეგაციისთვის. მე დელეგაციისთვის ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან მექნება კომუნიკაცია, ვინაიდან ორგანიზაციულად გვესმის, რომ არ არის მარტივი ვიზიტის ორგანიზება, საკმაოდ საჩქარო საკითხია და დღეს, დღის პირველ ნახევარში უნდა გავარკვიოთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში ვიზიტი, დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში შედგება.
“უკრაინის რადას თავმჯდომარესთან, ბატონ რუსლან სტეფანჩუკთან ძალიან მეგობრული და თბილი საუბარი მქონდა. მან დაადასტურა საკუთარი მიწვევა, რომ ვეწვიო უკრაინას და იქ გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ და ეს ვიზიტი, დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში შედგება.
ჩემი სურვილი იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია მრავალპარტიული ყოფილიყო, რაზეც გუშინაც ვისაუბრეთ ოპოზიციის წარმომადგენლებთან და შევთავაზეთ თანაბარი წარმომადგენლობა, თუმცა მათგან თანხმობა არ წამოვიდა. შემდეგ კვლავ შევთავაზეთ, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან წარმომადგენელი იყოს. მართალია, ამ შემთხვევაში უმრავლესობამ თანხმობა განაცხადა, რომ, თავის მხრივ, არ გაზარდოს წარმომადგენლობა, თანაბრობის პრინციპი ამ შემთხვევაში დაირღვევა და ოპოზიციური უმრავლესობის დელეგაცია იქნება, თუმცა, გამომდინარე ამ ვითარებიდან, ეს შეთავაზება, ვფიქრობ, სწორი იყო.
ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ მექნება თხოვნა, რომ დროულად წარმოადგინონ საკუთარი კანდიდატები ამ პოლიტიკური დელეგაციისთვის. მე მექნება კომუნიკაცია ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, რადგან ყველას გვესმის, რომ არ არის ადვილი ამ ვიზიტის ორგანიზება, ეს საკმაოდ საჩქარო საკითხია და გვინდა, რომ დღის პირველ ნახევარში, ეს საკითხი გავარკვიოთ. ველი ყველა პოლიტიკური ჯგუფის მონაწილეობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.