სოსო არჩვაძე: მსოფლიო ბანკს საკმაოდ დამაიმედებელი პროგნოზი აქვს უახლოეს წლებზეც
“საქართველოს ეკონომიკის 2021 წლის ზრდის ტემპი (+10.4%) გაცილებით აღემატება 2020 წლის გლობალური პანდემიით გამოწვეულ ვარდნის მაჩვენებელს (-6.8%), რის გამოც 2021 წელს მან, წინასწარი შეფასებით, დაახლოებით 2.9 პროცენტით გადააჭარბა პანდემიამდელი, 2019 წლის დონეს”,- ამის შესახებ ექსპერტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, აღნიშნული სხვაობა 4-ჯერ და მეტად აღემატება მსოფლიო ეკონომიკის 2021 წლის დონის თანაფარდობას 2019 წლის დონესთან (+0.7%).
“ასეთმა წინსვლამ შესაძლებლობა მისცა საქართველოს ახალ ისტორიულ მაჩვენებლამდე გაეუმჯობესებინა სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის, მათ შორის სიღარიბის მაჩვენებლები. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონული ანგარიშის „ომი რეგიონში“ მიხედვით, 2012 წლის შემდეგ სიღარიბის მაჩვენებლები საქართველოში 1.5-2.0-ჯერ შემცირდა, მათ შორის უკიდურესი სიღარიბე ფაქტობრივად განახევრდა.
მსოფლიო ბანკი, რომელსაც ვერ დავადანაშაულებთ მიკერძოებასა და არაობიექტურ შეფასებაში, აფიქსირებს, რომ საქართველოში სიღარიბის გაუარესების ყველაზე ხანგრძლივ პერიოდს ადგილი ჰქონდა 2004-2011 წლებში. აღნიშნული ავტორიტეტული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ინფორმაციით, საქართველოში 2011 წლის სიღარიბის დონე 2004 წლის მაჩვენებელზე უარესი იყო, მაშინ როდესაც მომდევნო პერიოდში ადგილი ჰქონდა საპირისპირო ტენდენციას და 2021 წლისთვის დაფიქსირდა ისტორიული მინიმუმი: უკიდურეს სიღარიბეში (მოსახლეობის ერთ სულზე საშუალო დღიური სამომხმარებლო ხარჯები 1.9 აშშ დოლარამდე – ვალუტის მყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით) მცხოვრებ პირთა რაოდენობამ მხოლოდ 127 ათასი კაცი შეადგინა (მოსახლეობის 3.6%), მაშინ როდესაც 2002 წელს ასეთთა რიცხვი 420 ათასი კაცი, ხოლო 2011 წელს – 420 ათასი კაცი იყო.
მსოფლიო ბანკს საკმაოდ დამაიმედებელი პროგნოზი აქვს უახლოეს წლებზეც. კერძოდ, 2024 წლისთვის უკიდურეს სიღარიბეში მყოფი მოსახლეობის წილი უნდა შემცირდეს 2.5 პროცენტამდე, ანუ 2021 წელთან შედარებით 30 პროცენტით.
რაც შეეხება დაბალი საშულო შემოსავლის სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის (ერთ სულზე საშუალო დღიური სამომხმარებლო ხარჯები 3.2 დოლარამდე) წილს, იგი 2011 წლის 29.3 პროცენტიდან და 2021 წლის 14.1 პროცენტიდან 2024 წლისთვის შემცირდება 10.5 პროცენტამდე; ანალოგიურად, მაღალი საშუალო შემოსავლის სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის (ერთ სულზე საშუალო დღიური სამომხმარებლო ხარჯები 5.5 დოლარამდე) წილი შემცირდება 2011 წლის 59.0 პროცენტიდან და 2021 წლის 40.6 პროცენტიდან 2024 წლისთვის 33.3 პროცენტამდე.
აღნიშნული შედეგები და დასახული მიჯნები ეფუძნება, ერთი მხრივ, ეკონომიკური ზრდის საკმაოდ დამაიმედებელ ტემპებს, რომლებიც, ქვეყნის ხელისუფლების მიზანმიმართული და დაბალანსებული პოლიტიკის წყალობით, მიუხედავად რუსეთ-უკრაინის ომის ნეგატიური გავლენისა, მაინც საკმაოდ მაღალი რჩება, განსაკუთრებით მეზობელი ქვეყნების ეკონომიკების არც თუ ისე სახარბიელო ფაქტობრივი და მოსალოდნელი ზრდის ტემპების ფონზე; მეორე მხრივ, სიღარიბის შემცირების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ სოციალური პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტული ზრდა. – 2013-2021 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მთელი მატების 67.7 პროცენტი მიემართებოდა სოციალური დაცვის, აგრეთვე განათლებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაფინანსებაზე”,- წერს არჩვაძე.