ისრაელის საელჩო: არ ვცნობთ საქართველოს სუვერენიტეტის პრინციპების დარღვევით ჩატარებულ “არჩევნებს”
საქართველოში ისრაელის საელჩო ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს განცხადებით გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ ისრაელი არ ცნობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დარღვევით ჩატარებულ ნებისმიერ “არჩევნებსა” თუ “რეფერენდუმებს”.
“ისრაელის საელჩო კიდევ ერთხელ მკაფიოდ ადასტურებს თავის პოზიციას, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია”, – წერია საელჩოს განცხადებაში. ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგების მიხედვით, მეორე ტური გაიმართება. ე.წ. არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს დე ფაქტო ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი და ალან გაგლოევი დაუპირისპირდებიან.