მამუკა მდინარაძე: უბინძურესია ის შეურაცხყოფა, რასაც ტვ “პირველი”, ნონა მამულაშვილთან ერთად, შალვა პაპუაშვილთან მიმართებით აკეთებს
“უბინძურესია ის შეურაცხყოფა, რასაც ტვ “პირველი”, ნონა მამულაშვილთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარესთან მიმართებით აკეთებს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პერფორმანსისთვის სიბინძურის კადრება არ შეიძლება.
“უბინძურესია ის შეურაცხყოფა, რასაც „ტვ პირველი”, ნონა მამულაშვილთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარესთან მიმართებით აკეთებს. ტვ “პირველს“ ვურჩევ, რომ მსგავსი სიბინძურე აღარ ჩაიდინოს, რადგან ეს მათზე მეტყველებს. ვისაც თავის დროზე „პამპერსები“ სჭირდებოდა, მიხეილ სააკაშვილისთვის მიგეწოდებინათ – მართლა საჭიროებიდან გამომდინარე. პერფორმანსისთვის ასეთი სიბინძურის კადრება, უბრალოდ, არ შეიძლება. ეს დროც გადაივლის და გულწრფელად მგონია, რომ შეგრცხვებათ თქვენი თითოეული ნაბიჯის და იმ სიბინძურის, რასაც ახლა აკეთებთ ერთწუთიანი პიარისთვის. აყენებთ შეურაცხყოფას თქვენს ინსტიტუტებს, ამ ინსტიტუტის ხელმძღვანელს და საკუთარ სამშობლოს. ეს ყველაზე ცუდი და დამაზიანებელია. წარმოუდგენელია, პარლამენტის წევრს მოგაფიქრდეს პარლამენტის თავმჯდომარის ასეთი შეურაცხყოფა”, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის დეპუტატმა, ნონა მამულაშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ამანათი გაუგზავნა. მისი თქმით, საჩუქრებს შორისაა პამპერსი.
მამულაშვილის განმარტებით, მან ამ ფორმით ბუჩაში ჩასვლასთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილის უარი გააპროტესტა.