საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადმოეცა
“საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესი თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის – საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადმოეცა”,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კითხვარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოებისა საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ გადასცა.
“11 აპრილს, ლუქსემბურგში საქართველოს გადმოეცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი, რომლის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს საკუთარ შეფასების ანგარიშს (Opinion), ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
კითხვარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოებისა საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ გადასცა.
ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებით და დღეს უკვე გაწევრიანების კითხვარის გადმოცემით, საქართველო გადადის თვისობრივად ახალ, ბევრად ამბიციურ და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ეტაპზე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში.
ეს არის ლოგიკური და ევროკავშირის პროცედურით გათვალისწინებული ნაბიჯი, რაც მოიაზრებს ქვეყნის მზაობის შეფასებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კანონმდებლობის თავსებადობის მიმართულებით”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.