ლევან იოსელიანი: არასოდეს ქართულ-უკრაინული ურთიერთობები არ ყოფილა ასეთ დაბალ დონეზე, როგორც დღესაა – უკრაინაში აუცილებლად ჩავალთ

“უკრაინაში აუცილებლად ჩავალთ და აუცილებლად გამოვუცხადებთ სამძიმარს უკრაინელ ხალხს, უკრაინის ხელისუფლებას“, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანი იმედოვნებს, რომ საპარლამენტო დელეგაცია სრულად იქნება წარდგენილი.

„ჩვენ მივდივართ სამძიმრის სათქმელად. ეს არ არის რაღაც პოლიტიკური დღის წესრიგით დატვირთული ვიზიტი, თუ ვიღაცას ეს რაღაც უხერხულობას უქმნის, თუმცა, არ მესმის, რატომ უნდა უქმნიდეს. მაინც იმედს ვიტოვებ, რომ საპარლამენტო დელეგაცია იქნება სრულად წარმოდგენილი, მათ შორის, მმართველი პარტიაც მიიღებს მონაწილეობას. არასოდეს ქართულ-უკრაინული ურთიერთობები არ ყოფილა ასეთ დაბალ დონეზე, როგორც დღესაა. ეს ჩემთვის ძალიან სამწუხაროა და, რა თქმა უნდა, ამაში ჩვენი ხელისუფლების წვლილიც, ბრალიც არის, რასაც გამოსწორება სჭირდება. დეპუტატების ვიზიტი იქნება პირველი ნაბიჯი, რათა მართლაც ეს უკიდურესად დაბალ ნიშნულზე დასული ურთიერთობები წამოვწიოთ და დავაბრუნოთ იქ, სადაც იყო და სადაც ყოველთვის უნდა იყოს. ქართველი და უკრაინელი ხალხის ურთიერთობა არასოდეს არ შეწყდება. ეს ყოველთვის განსაკუთრებული იქნება, მაგრამ აქ საუბარია სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებზე. ჩვენ, ოპოზიციას ამ თვალსაზრისით გვაქვს პასუხისმგებლობა, ჩავიდეთ და ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ. უკვე მქონდა კოორდინაცია ყველა ოპოზიციურ პარტიას შორის, ყველას თანხმობა მაქვს, ყველა მზადაა, რომ წამოვიდეს. ალბათ ამ კვირაში საბოლოოდ დეტალებზეც ჩამოვყალიბდებით და გეტყვით, როდის გავემგზავრებით. ჩვენ უკრაინაში აუცილებლად ჩავალთ და აუცილებლად გამოვუცხადებთ სამძიმარს უკრაინელ ხალხს, უკრაინის ხელისუფლებას“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები