არესტოვიჩი: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი შესაძლოა, 2035 წლამდე გაგრძელდეს
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინა ახალ ისრაელად იქცევა, რადგან რუსეთთან ომი შესაძლოა, 2035 წლამდე გაგრძელდეს.
ამის შესახებ RBC-Ukraine არესტოვიჩის მიერ რუსი უფლებადამცველისთვის, მარკ ფეიგინისთვის მიცემულ ინტერვიუზე დაყრდნობით წერს.
“რუსეთიდან მომდინარე ეს ომი უკანასკნელი არ არის. როგორც ისრაელმა და არაბებმა ხუთი დიდი ომი გამოიარეს, სანამ არ გააცნობიერეს, რომ ეს მეთოდები არ მუშაობს და საჭიროა სხვა მეთოდებზე გადასვლა. ჩვენთანაც ასე იქნება. არ ვიცი, საჭირო იქნება თუ არა ხუთი, მაგრამ რამდენიმე სამხედრო შეტაკება 2035 წლისთვის გარანტირებული გვაქვს. ეს ნიშნავს საომარ მოქმედებებს ყოველ ორ და შესაძლოა, ხუთ წელიწადში და დიდი შეჯახება ყოველ შვიდიდან რვა წელიწადში ერთხელ“, – თქვა არესტოვიჩმა.
მას მიაჩნია, რომ უმჯობესი იქნება, ქვეყანა დროებით დატოვონ იმ უკრაინელებმა, რომლებიც არ არიან მზად მუდმივი შეტაკებისთვის. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში უსაფრთხოების სისტემა სრულად უნდა შეიცვალოს და დაიხვეწოს.
“მათ, ვინც ამისთვის მზად არ არის, ვინც ახლა ყვირის, როგორ იცხოვროს და აღზარდოს ბავშვები, სხვა ქვეყანა სჭირდებათ. აქ არის ახალი ისრაელი. მხოლოდ მასშტაბებია უფრო დიდი და საშინელი. ვინ არ არის მზად – არის ესპანეთი და ბევრი სხვა ქვეყანა. წადით იქ, თუ არ ხარ მზად“, – დასძინა არესტოვიჩმა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge