„რომპეტროლზე“ კიბერთავდასხმით გამოწვეული ტექნიკური შეფერხების აღდგენის პროცესი დაწყებულია

6 მარტიდან დღემდე, კომპანია „რომპეტროლის“ სათავო ოფისზე მომხდარი კიბერთავდასხმით გამოწვეული სისტემური შეფერხების გამო, კომპანიას რიგი სირთულეები შეექმნა, შეიზღუდა სხვადასხვა სერვისებზე წვდომა და ასევე, ლოიალური ფასდაკლების ბარათების გამოყენება. „რომპეტროლ საქართველომ“  აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით,  რამდენჯერმე გამოაქვეყნა განცხადება და მომხმარებლებს არსებული ვითარება განუმარტა.

 

განცხადებების მიუხედავად, საზოგადოებაში დაფიქსირდა აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ხანგრძლივი ტექნიკური შეფერხების მიზეზი არ უკავშირდებოდეს კიბერთავდასხმას.

აღნიშნულის თაობაზე კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ზემოხსენებული მოსაზრება არ შეესაბამება სიმართლეს. „რომპეტროლ საქართველო“ დიდწილად ბუქარესტის სათავო ოფისში განთავსებულ ტექნიკურ ინფრასტრუქტურაზეა დამოკიდებული, სწორედ ამიტომაც, იქ შექმნილი შეფერხება საქართველოზეც და კომპანიის სხვა ქვეყნების წარმომადგენლობებზეც აისახა.

„კვირა“ დაინტერესდა აღნიშნული საკითხით და ინფორმაციის დაზუსტება „რომპეტროლში“ სცადა. როგორც „რომპეტროლ საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, თეონა შალამბერიძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, კომპანია იზიარებს მომხმარებლების უკმაყოფილებას იმის გათვალისწინებით, რომ მომხმარებლებს შესაძლოა, არ ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია ხარვეზის გამომწვევი ინციდენტის მასშტაბის შესახებ. ის უკუკავშირი, რასაც „რომპეტროლი“ საზოგადოებისგან იღებს, სავსებით გასაგებია. თუმცა, შალამბერიძის თქმით, ზემოთ ხსენებული ეჭვები უსაფუძვლოა.

„გიდასტურებთ, რომ კომპანია „რომპეტროლ საქართველოს“ გარკვეულ სერვისებზე ნამდვილად ფიქსირდება ტექნიკური შეფერხება, რაც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით არის გამოწვეული. კერძოდ, ქალაქ ბუქარესტში, ჩვენს სათავო ოფისში არსებულ სერვერებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. დღესდღეობით არსებული ტექნიკური შეფერხებაც სწორედ ამის შედეგია.

ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელია. დაარსების დღიდან ხარისხზე და მომსახურების მაღალ სტანდარტზე  ვართ ორიენტირებულები, ამიტომაც  კომპანია, მისი სრული რესურსით, განვითარებისკენაა მიმართული. ბუნებრივია, რომ მომხმარებლებისთვის რთული წარმოსადგენია, რატომ გაგრძელდა ამდენ ხანს ეს შეფერხება. ჩვენ გვესმის მათი განწყობა, რასაც ყოველთვის მთელი გულისყურით ვაკვირდებით და შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ. სამწუხაროდ, გარკვეული ეჭვების შესახებ ინფორმაციის მოსმენა გვიწევს, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. კომპანიას შეფერხების აღმოჩენისთანავე უსწრაფეს რეჟიმში მოუწია სამუშაო პროცესებში ცვლილებების შეტანა. დღემდე „რომპეტროლ საქართველოს“ თანამშრომლები ფორსმაჟორულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას, რათა მომხმარებლებს  ხელი შეუწყონ მომსახურების შეუფერხებელად მიღებაში.

კომპანიის მენეჯმენტი მუშაობს კონკრეტულ შეთავაზებებზე, მომხმარებლებისთვის საშეღავათო პირობების თვალსაზრისით, რათა ჩვენი ლოიალობის ბარათის ყველა მფლობელი იყოს კმაყოფილი და რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეთ შესაძლებლობა, ისარგებლონ განახლებული პირობებით. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ, რაც სრულად აღდგება ჩვენი მომსახურებები, დავიბრუნებთ ჩვენი მომხმარებლის პოზიტიურ განწყობას, რაც ჩვენთვის ყველაზე დიდი წარმატებაა.“, – აღნიშნა თეონა შალამბერიძემ.

„რომპეტროლი“ მომხმარებლის სერვისებზე წვდომის აღსადგენად ინტენსიურად მუშაობს. კომპანიის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის, სერგეი ნეიმარის განცხადებით, გარკვეული ტექნიკური მომსახურების ნაწილი უკვე აღდგენილია, თუმცა ინფრასტრუქტურის აღდგენას და შეფერხების სრულად აღმოფხვრას გარკვეული დრო სჭირდება. მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია მტკიცედაა ორიენტირებული განვითარებაზე, დაგეგმილია გარკვეული სახის სერვისების განახლება, რაც სამომავლოდ კომპანიას ერთგული მომხმარებლებისთვის საინტერესო შეთავაზებების გაკეთების საშუალებას მისცემს.

„პრობლემის აღმოჩენისთანავე, ინტენსიურად დაიწყო სერვისების აღდგენაზე მუშაობა. ვსწავლობთ და ვაკვირდებით გამოხმაურებებს, რათა მინიმალურ დროში მოვახდინოთ რეაგირება. აღსანიშნავია, რომ კორპორატიული მომსახურების Fill&Go სისტემის მუშაობა უკვე აღდგენილია და გაშვებულია სატესტო რეჟიმში. სამუშაო პროცესი აქტიურ ფაზაშია და უწყვეტად მიმდინარეობს, რაც სერვისების სრულად აღდგენის იმედს გვაძლევს. ასევე, პარალელურად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი სხვა მიმართულებებითაც, რისი დასრულების შემდეგ, მომხმარებლებს, სხვადასხვა მომსახურების ფარგლებში, განახლებულ ფუნქციონალს შევთავაზებთ“, – აცხადებს სერგეი ნეიმარი.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები