უკრაინის ომბუდსმენი: რუსები 400-მდე მარიუპოლელს საკონცენტრაციო ბანაკში ამყოფებენ
უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ინფორმატორებზე დაყრდნობით პენზის რაიონში 400 მარიუპოლელის საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში იტყობინება.
„დღეს ვესაუბრე რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას. ისინი მატყობინებენ უკრაინიდან იძულებით დეპორტირებულთა ბანაკზე პენზის რაიონში. ეს დაწესებულება დახურული ტიპისაა რამდენიმე კორპუსით, გარშემორტყმულია ღობით და არის დაცვის ქვეშ, შესასვლელში კი გამშვები პუნქტია. ჩვენი მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლება შეზღუდულია – ბანაკიდან გამოსვლა აკრძალულია“, – აღნიშნა დენისოვამ.
მისი ინფორმაციით, ძირითადად იქ იმყოფებიან ქალები და სხვადასხვა ასაკის 147 ბავშვი, მათ შორის ჩვილები. ხოლო ახლო დღეებში მოსალოდნელია კიდე 150-მდე ადამიანის შეყვანა. ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ უკრაინის მოქალაქეები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არიან. მათ არ აქვთ არანაირი ინფორმაცია.
„მოქალაქეები უკვე რამდენიმე კვირაა ბანაკში ცხოვრობენ. მათ არ აქვთ საჭირო ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ქვედა საცვლებიც კი. ფაქტობრივად ისინი წამოიყვანეს სარდაფებიდან – რაც ზედ ეცვათ იმით. კატასტროფულად არ ჰყოფნით ბავშვთა კვება და პირადი ჰიგიენის ნივთები“, – წერს დენისოვა.
მისი ცნობით, ბანაკში მივიდნენ „სბერბანკის“ წარმომადგენლები, შეადგინეს სიები ელექტრონული ბარათების შესაქმნელად, ამბობდნენ, რომ 10 ათას რუბლს დაურიცხავდნენ თითოს, მაგრამ ეს არ მოხდა. დენისოვას თქმით, რუსი აქტივისტები ეწვივნენ უკრაინელებს – ისინი კი უჩივიან საბაზისო ნივთების დეფიციტს და ახლობლებთან კავშირის არ ქონას.
რუსების ინფორმაციით, ბანაკში ასევე არიან უცხოელი სტუდენტები თურქმენეთიდან, რომლებიც მარიუპოლში სტუდენტური საერთო საცხოვრებლის სარდაფში იმალებოდნენ საჭმლის, წყლის, სითბოს და კავშირის გარეშე, შემდეგ კი საკუთარი ძალებით მივიდნენ დონეცკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საიდანაც ისინი იძულებით წაიყვანეს რუსეთში. უკრაინელებისგან განსხვავებით, მათ უფლება აქვთ ბანაკის ტერიტორიის მიღმა გავიდნენ.
ახლა რუსი აქტივისტები აგროვებენ სახსრებს – პროდუქტებს და ტანსაცმელს, რომ დაეხმარონ უკრაინელებს.
მათი ცნობით, პენზის რაიონში ასეთი კიდევ სამი ბანაკი ფუნქციონირებს, სადაც ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე იქნენ გადაყვანილი ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის მოქალაქეები. იმ პერიოდში იძულებით გადააადგილეს 90 ათასი მოქალაქე.
„მივმართავ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, სასწრაფოდ გაუწიოს ჰუმანიტარული დახმარება უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც იძულებით გადაასახლეს და მოათავსეს რუსეთში საკონცენტრაციო ბანაკებში და ხელი შეუწყოს მათ უკრაინაში დაბრუნებას რაც შეიძლება მალე“, – განაცხადა ლუდმილა დენისოვამ.