ავთანდილ გულიკაშვილი: ეს დღე არის თავისუფლებისა და ერთიანობისთვის ბრძოლის დღე

1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 33 წელი გავიდა. ეს დღე დიდ ტკივილად იქცა საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ამავე დროს – ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა – ავთანდილ გულიკაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან – ალექსი გილაშვილთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად 9 აპრილის მემორიალები თაიგულებით შეამკო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.

ქ. საგარეჯოს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა  კიდევ ერთხელ გვამოგზაურეს 90-იან წლებში და კიდევ ერთხელ ისაუბრეს დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე,  21 მშვიდობიან, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველი თავგანწირული გმირების ღვაწლსა და პატრიოტიზმზე.

33  წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ათასობით ადამიანი მოიწამლა.  ქართველმა ხალხმა 9 აპრილი ეროვნულ დღესასწაულად და ეროვნული ერთიანობის დღედ გამოაცხადა.

მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი 9 აპრილის მოვლენებში მონაწილე და დაზარალებულ ქალბატონს, სოფელ ნინოწმინდის საჯარო სკოლის პედაგოგს – თამარ დიღმელაშვილს ესტუმრა, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებში აქტიური მონაწილეობისა და გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

„ეს დღე არის თავისუფლებისა და ერთიანობისთვის ბრძოლის დღე, გმირები, რომლებმაც ამ დღისათვის თავი გასწირეს ჩვენი ისტორიის თვალსაჩინო, სამაგალითო და საამაყო ადამიანები არიან.  ქალბატონი თამარიც ამ მოვლენების თანამონაწილე და თანაზიარია, ამაღლებული და განსაკუთრებული ემოცია დამეუფლა, ქედს ვიხრი თქვენს წინაშე! მადლობა, რომ გამოიჩინეთ სიმამაცე და პატრიოტული სულისკვეთება, თქვენთან საუბრისას კიდევ ერთხელ ცხადად და მძაფრად შევიგრძენი იმ დღეების სევდა, ტკივილი და ამავდროულად, ეროვნულ ფასეულობათა საბოლოოდ გამარჯვების დღის ხიბლი,”- განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.
1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე, 1991 წელს  საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები