ვინ და რატომ დაგეგმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადება

საქართველოს ექსპრეზიდენტისთვის ბრალის წაყენების შესახებ აშშ-ის ოფიციალური განცხადება, სადაც ისინი შეშფოთებას გამოხატავენ მომხდარის გამო მომზადებულია სააკაშვილთან და „ნაცელიტასთან“ დაახლოებული სენატორებისა და სახელმწიფო ადმინისტრაციაში მათი მეგობარი ჩინოვნიკების ჯგუფის პირადი ინიციატივით, – ამის შესახებ გაზეთი „ალია“ წერს.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, „ნაციონალები“ ნირწამხდარნი არიან, რადგან იციან, რომ ეს განცხადება არ გამოხატავს ამერიკის ხელისუფლების პოზიციას, რომელიც, პირიქით, ძალიან კეთილგანწყობილია საქართველოს ხელისუფლების მიმართ.
„სააკაშვილ-ბოკერიას მხარდამჭერთა რიცხვშია სკანდალური ვიქტორია ნულანდი, რომელიც სააკაშვილთან უკრაინის საკითხებში პირდაპირ კვეთაშია. შეგახსენებთ ნულანდის სკანდალურ სატელეფონო ჩანაწერს, როცა ის გაჭრით აგინებს ევროკავშირს და უკრაინაში ამერიკის ელჩს დავალებას აძლევს, რომ უკრაინის ახალ მთავრობაში კლიჩკო არ უნდა ყოფილიყო. ვიქტორია ნულანდი, მისი მეუღლე სენატორ მაკკეინის ყოფილი მრჩეველი, რობერტ კაგანი, თომას მელია და ნულანდის მოადგილე ერიკ რუბინი სააკაშვილთან წლებია ტკბილ ურთიერთობებში არიან და იძულებულნი გახდნენ, მისი მხარდასაჭერი განცხადება გაეკეთებინათ. მთავარი ისაა, რომ თავად „ნაციონალები“ ძალიან კარგად აცნობიერებენ, რომ საქმე „აღშფოთების“ განცხადების იქით არ წავა, რადგან ამერიკის ხელისუფლებას საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერის კურსი აქვს აღებული და ამიტომაცაა, რომ ყიჟინა ვერ შემოსცხეს და დარჩნენ გაღიმებულები.
სენატორების პატარა ჯგუფის განცხადება, რომელსაც ჯონ მაკკეინი უდგას სათავეში, შეიძლება ვალის დაბრუნებად ჩაითვალოს. ყველას გვახსოვს, როცა მაკკეინს სააკაშვილმა 10 მილიონი დოლარი ჩაურიცხა საპრეზიდენტო საარჩევნო ფონდში“, – წერს გაზეთი „ალია“. მერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ექსპერტი მამუკა არეშიძე აფასებს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების გამოზომილი პოლიტიკა აშშ-ის ადმინისტრაციაში მოსწონთ, ხოლო კიევში ზოგიერთი ქართველის აქტივობები უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს გაღიზიანებას იწვევს.
„ამ განცხადებას საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების გაფრთხილების ან დასჯის დატვირთვა არ აქვს. პირიქით, ჩემი წყაროებიდან ვიცი, რომ დღევანდელი ხელისუფლების გამოზომილი პოლიტიკა ძალიანაც აწყობთ აშშ-ის ადმინისტრაციაში. რასაც ახლა გეტყვით, ეს ინფორმაცია პრეზიდენტ პოროშენკოს გარემოცვიდანაა. პოროშენკოსთვისაც ნერვების მომშლელია ის აქტივობები, რომელსაც კიევში იჩენს ზოგიერთი ქართველი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წრიდან გამოსული ინფორმაციით ვიცი, რომ თუ უკრაინის დღევანდელი ხელისუფლებისთვის მისაღებია ის ინსტრუქტაჟი, რასაც ატარებს გიორგი ვაშაძე, სხვა ქართველი კონსულტანტების აქტივობა, რბილად რომ ვთქვათ, აღარაა აქტუალური, აღარ იკარებენ. მაგალითად, ბენდუქიძის მდგომარეობა ვეღარაა ისეთი, როგორც არის ვაშაძის. ძნელია მიხეილ სააკაშვილის აქტივობებს ხელი შეუშალო ბევრი მიზეზის გამო. მას ჯერ კიდევ აქვს გავლენები, გასაკუთრებით უაღრესად „მემარჯვენეების“ რიგებში, ვინც უკიდურესად აღშფოთებულები არიან რუსეთის ქმედებით უკრაინის ტერიტორიაზე. წინასწარ რომ იყო შეთანხმება და ინფორმაციის გაცვლა, მე ამაშე დარწმინებული ვარ. საერთოდ, ბიძინა ივანიშვილს არ ახასიათებს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც წინასწარ არაა შეთანხმებული. ამ პროცესს რომ საფუძველი ჩაუყარა ბიძინა ივანიშვილმა, ამაში დარწმუნებული იყავით. ისიც უნდა გითხრათ, რომ ჩვენ საქართველოს ძალიან დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ მსოფლიო ისტორიაში. არაა ეს ასე, აშშ-ის ადმინისტრაციას ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები აქვს გადასაწყვეტი უკრაინის, ერაყის… აშშ-ის ხელმძღვანელობა დარწმუნებული რომ არ იყოს საქართველოს ხელისუფლების ლოიალობაში, მაშინ იმ კანონს, რომელიც ამერიკელებმა მიიღეს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მთავარი მოკავშირის სტატუსის შესახებ, არ მიიღებდა“, – განუცხადა „ალიას“ არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები