სოზარ სუბარი: “ლელოს” ინიციატივა საინტერესო არ არის
“ლელოს“ ინიციატივა საინტერესო არ არის, რადგან ეს არის ხმაური არაფრისთვის, ქარიშხალი ცარიელ ჭიქაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა უკრაინასთან დაკავშირებით „ლელოს“ მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა.
„ლელო“ ვერანაირ რეზოლუციას ვერ მიიღებს. საქართველომ 2008 წელს სწორედ ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო ჰააგის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ჰააგის სასამართლომ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა და სამი პირი ბრალდებულად ცნო, მათი დაპატიმრების ორდერიც გამოიცა. სასამართლო პროცესი და გამოძიება გრძელდება. დარწმუნებულები ვართ, კიდევ ბევრ პირს შეეხება. საქართველო, 37 ქვეყანასთან ერთად, თანაავტორია იმ საჩივრის, რომელიც შეტანილია ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით. 2008 წლის საჩივრისგან განსხვავებით, გამოძიება დაჩქარებული წესით მიმდინარეობს და ყველაფერს დაადგენს. საქართველოსა და ხელისუფლების პოზიცია სწორედ აქ ჩანს. რაც შეეხება „ლელოს“ ინიციატივას, საინტერესო არ არის, რადგან ეს არის ხმაური არაფრისთვის, ქარიშხალი ცარიელ ჭიქაში. მამუკა მდინარაძემ მკაფიო განცხადება გააკეთა, რომ ომის პარტიების არც ერთ ინიციატივას საგარეო საკითხებზე არათუ არ განვიხილავთ, არამედ სერიოზულად არც კი მივიღებთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ცნობისთვის, „ლელომ” პარლამენტს უკრაინაში სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თაობაზე რეზოლუციის პროექტი წარუდგინა.