მიხეილ სარჯველაძე: როგორც ჩანს, იმის დასასაბუთებლად, რომ რაღაც „შავ ხვრელებს“ აქვს ადგილი, უკრაინულ მხარეს მტკიცებულება არ აქვს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, მიხეილ სარჯველაძეს მიაჩნია, რომ უკრაინის მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს მტკიცებულებები არ გააჩნია.
„არავითარი მტკიცებულება, დასაბუთება იმისა, რომ რაღაც „შავ ხვრელებს“ აქვს ადგილი და რაღაც ტენდენციები ვითარდება, როგორც ჩანს, უკრაინულ მხარეს ამის მტკიცებულება არ აქვს. აღნიშნული მეორე მიზანს შეიძლება, ისახავდეს, რომ, ნებსით თუ უნებლიედ, ვიღაც აქ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელს უწყობს, რომ ამ თემის ესკალაციის მიმართულებით რაიმე ინიციატივა წამოაყენოს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსეთი, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის თანხმობით, საქართველოს ტერიტორიის გავლით, დასავლეთის მიერ სანქციათა სიაში შეყვანილი საქონლის, მათ შორის, სამხედრო დანიშნულების ტვირთის კონტრაბანდის არხს აყალიბებს.