პარლამენტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ინფორმირების მიზნით ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭომ რეგიონებში შეხვედრები დაიწყო

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო საქართველოს მუნიციპალიტეტებში შეხვედრებს იწყებს.

პარლამენტის ინფორმაციით, პირველი საპილოტე შეხვედრა საბჭოს წევრებმა, ხატია წილოსანმა და თეონა აქუბარდიამ, დღეს მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მუხრანის საზოგადოებრივ ცენტრში გამართეს. შეხვედრის მიზანს საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ მათი ინფორმირება და იმ სერვისების გაცნობა წარმოადგენდა, რომელსაც პარლამენტი, დღეს არსებული კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს.

შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე და აღნიშნული ფორმატის შეხვედრების მნიშვნელობაზე შეფასებები ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრებმა გააკეთეს. „ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფორმატში პირველი შეხვედრა სოფელ მუხრანში გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საკანონმდებლო საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის მექანიზმების გამოყენებაზე მოქალაქეთა ინფორმირებულობას.

მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რაც მოქალაქეთა ჩართულობას უკავშირდება, საზოგადოებასთან იქნეს მიტანილი და მაქსიმალურად გავრცელდეს ინფორმაცია თუ რა შესაძლებლობებს აძლევს არსებული მექანიზმები მოქალაქეებს. ეს იყო საპილოტე შეხვედრა და მსგავსი ფორმატის შეხვედრები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება”, – განაცხადა ხატია წილოსანმა. „სოფელ მუხრანში შევხვდით მოქალაქეებს, რომლებსაც ვესაუბრეთ ღია მმართველობის პარტნიორობის პროგრამაზე, იმ სერვისებზე, რომელსაც პარლამენტი მოქალაქეებს საკანონმდებლო პროცესში მათი ჩართულობისთვის სთავაზობს. ამასთან ერთად, შეხვედრაზე მოქალაქეებს გავაცანით ის შესაძლებლობები, რომელსაც კანონმდებლობა იძლევა საკანონმდებლო წინადადების და პეტიციის მომზადების შესახებ.

ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ინიციატივაა მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვა და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ტიპის შეხვედრებს, რათა პარლამენტის მუშაობაში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა და საპარლამენტო სერვისებზე მათი უწყვეტი ხელმისაწვდომობა მოხდეს”,- აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.
სოფელ მუხრანის საზოგადოებრივ ცენტრში გამართულ შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები